„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
ხაბეიშვილის განცხადებით, სანაიას დაკავება ყველა იმ მოქალაქეს ეხება, ვინც ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის გამოხატვას ცდილობს.
„ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ. როდემდე ვაპირებთ ამის მოთმენას?“ – წერს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად მზარდ ზეწოლას აწყდება და დუმილი არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
„ანწუხელიძის, რომელაშვილების ქვეყანაში, როდემდე ვაპირებთ ასე ცხვრებივით ყოფნას?! გაიღვიძეთ, თორემ სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ! დუმილით და უმოქმედობით ყველა თანამონაწილე ხართ ამ რეალობის. დუმილი დანაშაულია!“ – აცხადებს იგი.
ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს მხოლოდ კომენტარებით შემოფარგვლას და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში აქტიური მოქმედებაა საჭირო.
„ახლა ტელევიზიებს ააჭრელებენ „კასტუმიანი“ პოლიტკომენტატორები და ნასწავლი სახეებით დაგვარიგებენ ჭკუას. ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა. სოლიდარობა აფხაზეთიდან დევნილ უნიჭიერეს და თავისუფალ კაცს – ვახო სანაიას!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.