Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector
U.S. Department of State approves sale of Hawk missile system equipment to Ukraine
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 880 over past day
Yermak says he believes in Ukrainian justice

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

06.04.2026 ნახვები: 283

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა.

„ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ ქ. თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.

ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე, ქ. თბილისი, ზღვის უბნის დასახლება, მე-11 მიკრო რაიონი, მე-3 კვარტალი, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ასევე, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად მოეხდინათ მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენა დასჯის მიზნით, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, გოგონების სახელით სწერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, ითანხმებდნენ მას წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ისინი იღებდნენ ძალადობის ამსახველ კადრებს, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ დახურულ ჯგუფებში, ასევე, ახლო წრეში.

დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა 2025 წლის განმავლობაში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე რამდენიმე ძალადობრივი ქმედება განახორციელა, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.

სასამართლო სასჯელს არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ 2026 წლის 08 აპრილის სხდომაზე დანიშნავს“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა