შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის - თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციამ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა, ახლა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს
თბილისის მერია - ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ მთლად ისე ნუ მოგვექცევით - ბიძინა მოგვპაროთ“, სახეზე გვაქვს
კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ტარიფების საკითხზე ისაუბრეს
ამინდი 19 იანვარს
ირაკლი ხმალაძე - „ქვეყანა დატოვა დაჭერის შიშით“... ეს რაღა მომიგონეთ?

გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ მთლად ისე ნუ მოგვექცევით - ბიძინა მოგვპაროთ“, სახეზე გვაქვს

19.01.2026 ნახვები: 301

"სინდისის პატიმრებს შეიწყალებენ?! - რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი,  დილით რომ გაიღვიძებს, ეს მე არ ვიცი...

ჩვენ ვნახავთ "ბი ბი სი"-შემდგომ ნაბიჯებს

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ამბების გარჩევას არ ვაპირებ. ბიძინა თავის ოჯახში ვის როგორ დასჯის, ეს ჩემი საქმე არ არის

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს? დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არსებობს მოლოდინი, რომ ყაველაშვილი პოლიტპატიმრებს შეიწყალებს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? რამდენად ელით, რომ ვინმეს გამოუშვებენ?

- ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილი საქმეების აღქმის თვალსაზრისით, მსოფლიოში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, ადეკვატურია, მას აქვს ორი გზა, პირველი, შეიწყალოს ეს ადამიანები და მეორე, უფრო გაზარდოს მათი რაოდენობა დასავლეთთან სავაჭროდ. 

მორალურ ასპექტს შევხედოთ, რისთვის არიან ეს ადამიანები პოლიტპატიმრები?! საქართველოს სიყვარულისა და საქართველოს ევროპული კურსის დაცვისთვის. შესაბამისად, იმ მორალურ ზიანს, რაც ამ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მიაყენეს, ამის კომპენსირებას ეს ვერ გააკეთებს. ეს კარგად უნდა ესმოდეთ! „ქართულ ოცნებას“ კარგად უნდა ესმოდეს, რომ ღირსების პატიმრები მარტო არ არიან, უამრავი თანამოაზრე ჰყავთ. …

- თავადვე ალაპარაკდნენ ამ მოწყალება-შეწყალებაზე.…

- კი, ამაზე საუბრობენ, თუმცა, ეს არაფერს არ ცვლის. ეს ადამიანები მორალურად მზად არიან, თუნდაც ბოლომდე მოიხადონ ეს უკანონო პატიმრობა. სუფთა ადამიანური კუთხით რომ შევხედოთ, ამაზე უფრო დიდი ჯილდო, როგორიც სამშობლოსათვის ამ ფორმით წამებაა, ვიღაცეები ვერც კი იოცნებებენ. ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის გამოფხიზლებაში და ასევე, თავად „ქართული ოცნების“ რიგების შერყევაში. ამიტომ, ახლა რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დილით გაიღვიძებს, ეს მე არ ვიცი. ცხადია, რომ რაღაც ვარიანტებს განიხილავენ, სხვაგვარად ამას წინმსწრებ განცხადებებს არ გაუკეთებდნენ.

- რაღაც იგეგმება?

- ცხადია, რაღაც ვარიანტები განიხილება. ეს იქნება ხვალ, ზეგ თუ მაზეგ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. რაღაცას განიხილავენ, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ,  ან მიღებული აქვთ და ელოდებიან მომენტს.

- გოჩა, წინა ინტერვიუში ჩვენ "ბი ბი სი"-სარჩელზე ვსაუბრობდით და თქვენ აცხადებდით, რომ სწორედ ეს არის დღეს მთავარი კითხვა, სად არის "ბი ბი სი"-წინააღმდეგ სარჩელიო. როგორც გავიგეთ მომზადდა სარჩელი და "ბი ბი სი"-მზად არის, მათ ყველა კითხვას დეტალურად გასცეს პასუხი. ისე ხომ არ მოუვა „ოცნებას“, რომ საკუთარი დასაკლავი დანა თვითონ გამოთხარონ?

- მე ასე ვფიქრობ, რომ ეს თემა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია „ქართული ოცნების“ თავზე. ეს არ არის ის თემა, რომელიც ასე ადვილად მიიჩქმალება. ჩვენ ვნახავთ "ბი ბი სი"-ს შემდგომ ნაბიჯებს. არ მგონია, რომ ეს პროცესი ასე ადვილად და მარტივად დასრულდეს. "ბი ბი სი"-ს რომ არ ეთქვა, ჩვენ არ ვიცოდით, რომ გვწამლავდნენ?! ერთი ცუდი მოცემულობა გვაქვს, რომელიც გულწრფელად უნდა ვაღიარო, როდესაც ქართულმა არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ცუდი როლი შეასრულეს, განსაკუთრებით კი სახალხო დამცველმა. სულ ვითხოვდი იმ პერიოდში, რომ შეაგროვეთ მტკიცებულებები. ადამიანები იძახდნენ, რომ დარბევის შემდეგ, სახლში რომ მიდიოდნენ და ქურთუკებს კიდებდნენ, ამ ქურთუკებით ოჯახის სხვა წევრებიც იწამლებოდნენ. წამალი ანალგინიც რომ დალიო დიდი რაოდენობით, ისიც ძალიან ცუდია. სასარგებლოა მხოლოდ ერთი აბი. რა კონცენტრაციები იყო, რა იყო, ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით. იმ პერიოდში არავინ არ იზრუნა, რომ ამ მიმართულებით ემუშავა. უნდა მოეპოვებინათ მტკიცებულებები, გაეტანათ საზღვარგარეთ და დაეწყოთ ამის ქიმიური და ლაბორატორიული კვლევები. თუმცა, განსაკუთრებულ ბრალეულობას მაინც სახალხო დამცველისას ვხედავ,  რომელმაც მაშინ არაფერი არ გააკეთა. თუნდაც, მოეთხოვა ჯანდაცვის სამინისტროსთვის და შს სამინისტროსთან ერთად მათ გაეკეთებინათ განმარტებები გაზის კონცენტრაციასთან დაკავშირებით.

ასე რომ, ეს პროცესი გაგრძელდება და ეს ნამდვილად არ იქნება სასარგებლო „ქართული ოცნებისთვის“.

- გოჩა, ჩვენ არ გვისაუბრია ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების ფაქტზე. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბევრი საუბრობს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება. სიუჟეტიც ვნახეთ, რომ ღარიბაშვილს ფარულად ჩაუწერეს და შემდეგ ეს ივანიშვილს მიუტანეს და ასე შემდეგ. კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით რომ არ ხდება ამ ხალხის დაპატიმრება, ამაზე ყველა ვთანხმდებით. რა იყო ეს ყველაფერი?

- გეტყვით, რომ ჩვენ ნაკლებად უნდა გვადარდებდეს ეს საკითხი. ხოლო ივანიშვილის გარემოცვას, მზარეულიდან დაწყებული, მის მიერ პრემიერებად დანიშნული ადამიანებით დამთავრებული, ყველას უნდა ახსოვდეს ერთი რაღაცა, რომ ის განწყობის ადამიანია. ის არის საკმაოდ ეჭვიანი. ღარიბაშვილი ხომ შვილივით გავზარდე ბიჭია, შვილივით ნაზარდი კი არა, ბერას დაიჭერს, თუ დასჭირდა! მისი ფსიქოლოგია სხვანაირად მუშაობს. ის ფიქრობს, რომ თავად არის „ქართული ოცნების“ ღმერთი. მე გაძლევთ მოწყალებას, მე თუ შემდეგ თქვენი ქმედებები არ მომეწონება, თქვენ დაისჯებით! აი ეს არის ივანიშვილის რელიგიის, რომელსაც ფულომანია ჰქვია, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. როდესაც თქვენ შვილივით ნაზარდ ღარიბაშვილზე მელაპარაკებით, ივანიშვილს ეგ კი არა, სისხლით ნათესავები ჰყავს დაჭერილი. მე ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი ქართველი მკითხველის წინაშე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ამბების გარჩევას არ ვაპირებ. ბიძინა თავის ოჯახში ვის როგორ დასჯის, ეს ჩემი საქმე არ არის. ამას განხილვის ღირსად მივიჩნევდი, ეს რომ იყოს პოლიტიკური საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ღარიბაშვილმა შეაგინა თუ რა გააკეთა, ეს მათი საქმეა და თვითონ გაარჩიონ. არჩევენ კიდეც ასე საჯაროდ.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძალიან ხომ არ უვიწროვებს ერთგული ადამიანების წრეს კობახიძე? ამ საფრთხეს თუ ხედავს ივანიშვილი? ახლა ისღა დარჩა ან ივანიშვილმა უნდა დაიჭიროს კობახიძე, ან პირიქით. პროცესების როგორ განვითარებას ელით?

- რა თქმა უნდა, ეს პროცესები გაგრძელდება. ვის დაიჭერენ, რა წონისას დაიჭერენ და როგორ დაიჭერენ მათსავე ოჯახში, ეს თავადვე არკვიონ. თავის სახლში რას გააკეთებს ნერონი, მისი საქმეა. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა მივცეთ იმის უფლება რომ ქალაქი გადაგვიწვას.

- გარე ფაქტორებს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ყველგან ქაოსია, აქტიურად დაიწყო 2026 წელი. ეს ყველაფერი რამდენად გადამდები იქნება? რამდენად ჰპოვებს ასახვას ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე?

- ორ ფაქტორზე შევაჩერებდი ყურადღებას. ერთი, წმინდა პოლიტიკურ ფაქტორზე, ჩვენ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ველოდებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს. ადრე ასეთი სახის ვიზიტები რეგიონში სამივე ქვეყანაში ხორციელდებოდა ხოლმე. დღეს ჩვენ აქ არ ვწერივართ და ეს ძალიან ბევრის მთქმელია. ესენი კი გაიძახიან, რომ ვლაგდებით ამერიკასთანო, მაგრამ ასე არ არის. ივანიშვილი როგორც იყო სანქცირებული, ისევ ისე სანქცირებულია. ასევე სანქცირებული და მაგნიტსკის სიაშია შეყვანილი მისი ხელისუფლების წარმომადგენელები. ეს უნდა ახსოვდეს „ქართულ ოცნებას“, მათ მომხრეებს და არამომხრეებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ. მეორე მომენტია, რაც ხდება მსოფლიოში, თუ რამდენად იქნება ჩვენთვის გადმომდები?! დღეს მსოფლიო წესრიგი იცვლება და ამ ცვლილებებში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ დინამიკურ პროცესებს, რომლის ბოლომდე გააზრება, ჯერჯერობით, რთულია. მე მიმაჩნია, რომ პეპლის ეფექტი მუშაობს და იმუშავებს საქართველოსთან მიმართებაში. ამ ეფექტის ერთ-ერთ გამოძახილად მიმაჩნია დღეს ის, თუნდაც რითიც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რომ ვიღაც დაფიქრდა, რა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც შეიძლება ჩვენგან მოითხოვოს დასავლეთმა კონკრეტულ სიტუაციაში?! რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი იქნება ღირსებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შესაბამისად, ესენი ამ ნიადაგს ამზადებენ. ნებისმიერ სიტუაციაში, დღეს, „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ მთლად ისე ნუ მოგვექცევით - ბიძინა მოგვპაროთ“, სახეზე გვაქვს.

- ანუ თქვენ უკეთესის იმედი გაქვთ?

- ჩვენ ყურების ჩამოყრის უფლება არ გვაქვს. შესაძლოა, ახლა პროცესი მინელებულია, ეს კანონზომიერია, ვიყავით რაღაც პიკზე, ჩამოვედით, ახლა არის მონოტონური პროცესი. თუმცა, ეს პროცესი მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. ეს პროცესი აუცილებლად შეიცვლება და ამ პროცესებს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ქართული სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის.

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა