„ოცნებამ“ მშვენივრად იცის რომ იძირება, უბრალოდ, ცდილობენ, ვიღაც მაშველად დაიტოვონ გვერდზე"
"ივანიშვილს პირადად მოუწევს პასუხისგება, გვწამლავდნენ!"
"ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობა გამოკვეთილად ჩანს და, რა თქმა უნდა, მე აქ ვხედავ სახალხო დამცველის გულგრილობას საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ!"
"ახლა ქვეყნის გარეთ რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ყველა განცხადება შესწავლის საგანი ხდება გარეთ და მე ველოდები, რომ ამ პროცესს აუცილებლად მოყვება გაგრძელება"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდის პროცესებს? ყველგან ქაოსია, არ არსებობს სისტემა, ყველაფერი თავდაყირა რომ არ დაეყენებინა „ოცნებას“. თუმცა ბი ბი სი-ს სკანდალით დავიწყოთ. მიუხედავად სუს-ის ბრიფინგის და მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველა ხედავს, რომ რიგზე არ არის. ასე მარტივად ჩაფარცხავს და მიაფუჩეჩებს ამ თემას „ოცნება“?
- პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ბი-ბი-სი-ს ამ სკანდალური გამოძიების პრიზმაში თუ დავინახავთ, ჩვენ ცხადად უნდა ვხედავდეთ იმასაც, რომ იძირება „ოცნება“, მაგრამ მათთვისს ყველაფერი რიგზეა. „ოცნებამ“ მშვენივრად იცის რომ იძირება, უბრალოდ, ცდილობენ, ვიღაც მაშველად დაიტოვონ გვერდზე. სწორედ ეს ფორმატი აჩვენებს იმ ფსიქოლოგიურ და ნევროზულ განცდებს, რომელიც ამ წუთას აქვთ „ოცნების“ ლიდერშიპს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება მოვისმინეთ, რომ თუ სუსი ასე ოპერატიულად ჩაატარებდა გამოძიებას, ის მაინც ეთქვათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებსო. ყველა ტოქსიკოლოგი და ქიმიკოსი გახდა ერთ დღეში. მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, რა დასკვნაც დაიდებოდა და პირველი შოკის მერე, რიხით შეიარაღდნენ, გამოაგორეს ეს თავიანთი ნაკვები ტოქსიკოლოგები და მოვისმინეთ ერთ ხმაში ნამღერი განცხადებები.
- თუ არ გაჩერდებით და გააგრძელებთ სახელმწიფოს დაზიანებას, დაგიჭერთო.
- საკმაოდ ვირეშმაკურად იმოქმედეს. ცხადია, რომ არცერთი კვლევა, რომელიც უკავშირდება ამ პროცესებს, რომელიც ბი ბი სი-მ გააშუქა, ამ კვლევაში ჩართული ქართული მხარის წარმომადგენლები, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერავინ იტყოდა თუ რა ნივთიერებაზე იყო საუბარი. ეს დასკვნა არავის დაუდია. ხოლო სუს-მა რა დასკვნაც დადო, ნახეთ იქ რა წერია? გამოკითხული არცერთი პირი არ ადასტურებს, რომ ეს "კამიტი" იყოო. აი ამისთვის დაიბარეს, დაკითხეს და შემდეგ გამოიყენეს ეს ხალხი. ამ ადამიანებმა სიმართლე თქვეს, რადგან მათ ვერ ექნებოდათ ვერანაირი დასკვნები და მათ ჩვენება მისცეს იმ სახით, რა სახითაც მისცეს. სუს-მა კი ხელზე დაიხვია, არავინ ადასტურებს, რომ ეს "კამიტი" იყოო. თუმცა, ეს არის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, რადგან ეს ისეთი დიდი და მძიმე ბრალდებაა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს გაბრალებენ, აქ თავი უნდა იმართლო. ადგნენ და უჩივლონ ბი ბი სი-ს, ამ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით. მე არ ველოდები მათგან ამ გადაწყვეტილებას, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ჩვენ გვწამლავდნენ! დეტალებზე სპეციალისტები ისაუბრებენ, ხოლო პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, „ოცნების“ გემი ნამდვილად იძირება და ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ამ გემს, ეს კიდევ ერთი დიდი ფუღურო დაემატა, სულ გამოიშიგნა მე მგონი და წყლით ივსება.
- ფიქრობთ, რომ ეს თემა ცუდად შემოუბრუნდება „ოცნებას“?
- რა თქმა უნდა! ეს არ არის თემა, რომელიც ვინმეს დაავიწყდება. იცით, რას ვაკვირდები? ახლა ქვეყნის გარეთ რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. კონკრეტულად ამ პროცესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მუშაობს. ყველა განცხადება შესწავლის საგანი ხდება გარეთ და მე ველოდები, რომ ამ პროცესს აუცილებლად მოყვება გაგრძელება.
- ვსაუბრობდით, რომ ყველა მიმართულებით ცუდად აქვთ საქმე და საკმაოდ იძაბება სიტუაცია მეზობელ ქვეყნებთან. აზერბაიჯანის მაგალითზე რის თქმა შეგიძლიათ, რა ხდება?
- აზერბაიჯანული თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა ინტერპრეტაციებიც არ უნდა გაკეთდეს, აქ რამდენიმე ნიუანსია გასარკვევი და ყურადღება მისაქცევი. აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, საშეღავათო პერიოდი, როდესაც აზერბაიჯანული გაზი საშეღავათო ფასში მოგვეწოდებოდა, ამასაც ვადა ეწურება. ევროპა ახლა ბევრად ძვირად და ბევრად მეტს ყიდულობს აზერბაიჯანულ გაზს. არ ვიცით, როგორ წავა ეს მოლაპარაკებები ჩვენთან მიმართებაში და რამდენად და როგორ მოგვყიდიან. ერთი რამ ცხადია, როცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ხარ და შენი ავტორიტეტი არის ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, დაბალია რეგიონშიც. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ სტრატეგიულ პარტნიორს თუ მეზობელს, აქვს იმის შესაძლებლობა, გაითამაშოს ის კარტი, რომელიც მას მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს. მე არ ვამბობ, რომ ქართული სახელმწიფო რაიმე ბრალშია აზერბაიჯანთან, უბრალოდ, მათ თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აქვთ. რამდენად შეძლებს ქართული მხარე საკუთარი ინტერესების დაცვას, ეს ცალკე საკითხია. თუმცა სხვა რა დაიცვეს, ეს რომ დაიცვან. აზერბაიჯანულ მედიაში ყოველ დღე იწერება, როგორ იძაბება სიტუაცია ქართულ მხარესთან. ნახეთ, როგორი ასპექტები გამოიკვეთა, რომ მშვიდობას რეგიონში ხელს უშლის. ყველაზე მეტად ეს არ მომეწონა აზერბაიჯანულ პუბლიკაციებში, რომ საქართველო უპირისპირდება მშვიდობას. ეს სიტუაცია არ მოსწონს არც სომხეთს, არ მოეწონება არც თურქეთს და ეს დიდ დაძაბულობას ქმნის ჩვენს სამეზობლოში.
„ოცნებას“ თავი დავანებოთ, როგორც სახელმწიფოს მოგვიწევს ბეწვის ხიდზე გავლა. მეზობლებთან დაპირისპირება, არაფერს სახარბიელოს არ მოგვცემს. ცუდ დღეშია „ოცნება“, ისეთი სიტუაცია აქვთ, რომ ზედმეტი ჩარევაც არ დასჭირდება გარედან. გიჟი მიუშვი ნებასაო, ისეა ამათი საქმე. ზუსტად ამ პროცესში ვართ, რატომ უნდა დახარჯოს ვინმემ ზედმეტი რესურსი?! მიშვებულები არიან და თავადვე გადაიჩეხებიან.
- ისევ ბი ბი სი-ს თემას რომ მივუბრუნდეთ, თუკი მართლა გამწვავდა სიტუაცია და ეს იგრძნო ივანიშვილმა, ვინმეს თავებს "გააგორებს", საკუთარი თავის გადასარჩენად?
- ივანიშვილი ხომ საფრთხეს ვერ ხედავს. ის ფიქრობს, რადგან თვითონ არის მიღმა, თუ ვიღაცის გამოცვლა საჭირო იქნება, პაიკებს ყოველთვის შეცვლის, მაგრამ ეს თემა იმდენად დელიკატურია, რომ აი ზუსტად აქ მისი არაფორმალური მმართველობა მთავრდება. ყველამ იცის, რომ არაფორმალური, მაგრამ რეალური მმართველი ივანიშვილია. ამიტომ, მას ამაზე პირადად მოუწევს პასუხისგება. ვიღაცის თავს გააგორებს, ეგრე აღარ იქნება. ვიღაცის თავის გაგორება, უკვე ნიშნავს აღიარებას! ეს ისეთი თემაა, რომ ის ვერ დავა მძღოლამდე და შემზავებლამდე! აქამდეც რომ დავიდეს, მაინც იერარქიული პასუხისმგებლობა დგება! კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე, მხოლოდ მეისრეები არ აგებენ პასუხს.
- დაასრულებენ ჰააგაში?
- ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. ჩვენ რაღაცეების იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის და ბრძოლის იმედად. ისინი ცდილობენ, ყოველთვის რაღაცაზე გადაიტანონ საუბარი, ჩვენ ერთი რაღაც გვაქვს სასაუბრო, გვწამლავდნენ. ყველა სიმპტომების მიხედვით, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდათ და აქვთ, ჩვენ ამას რეალურად ვხედავთ. მე ასევე აქ ვხედავ გამოკვეთილად ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობას, ნებისმიერ სიტუაციაში ეს გამოკვეთილად ჩანს და, რა თქმა უნდა, მე აქ ვხედავ სახალხო დამცველის გულგრილობას საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ!
- ცუდად დაასრულებენ?
- გემი იძირება! ძალიან დიდია ნაპრალები მათ გემზე და ამ ნაპრალების ამოვსების არანაირი გზა არ არის. გემი წყლით ივსება, აივსება და ჩაიძირებიან, ეს არის ფაქტი!