"ორბანსაც მალე ყელში ამოუვა "ოცნების" ვიზიტები და მასპინძლობა"
კალაძე ივანიშვილის "ოჯახის წევრია"
"კობახიძის დიდი ტყუილი, ბოლო 12 თვეში ოთხი ჰესი აშენდაო. წარმოგიდგენიათ?! 12 თვე ორსართულიანი სახლის აშენებას არ ჰყოფნის და ჰესი აშენდა 12 თვეში? თანაც ოთხი?!"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს? ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი ციხეშია, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, შიმშილობა დაიწყო.
- ის, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აკეთებს, დააკვირდით, თითქოს მათთვის არაბუნებრივი არაფერი ხდება, ეს მათი სულიერი გამოხატულებაა. მათ მოსწონთ სხვა ადამიანების ჩაგვრა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინმეს ქუჩაში ძალის გამოყენებით გადაუვლიან, თუ სასამართლო პროცესებით შეძლებენ ცალკეული პოლიტიკური ლიდერების დაკავებას. ეს მათი ბუნებაა. ამ მიმართულებით მათი შესაძლებლობები ამოწურული არ არის.
- კიდევ რას ელოდებით?
- დიახ, ისინი არაერთხელ შეეცდებიან გაგვაკვირვონ თავისი სხვადასხვა ქცევით, ადამიანთან მოპყრობის თვალსაზრისიდან გამომდინარე. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა ეტაპზე შიმშილობის წინააღმდეგი ვიყავი. შიმშილობა პოლიტიკური აქტი თუ არის და რაიმე შედეგს იძლევა, მაშინ შეიძლება ამის გაკეთება. მით უფრო, რომ ელენეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მისი ჯანმრთელობა კი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ბევრი გარემოების გათვალისწინებით, ელენემ მხოლოდ შიმშილობა კი არ დაიწყო, მან თქვა, რომ ამ რეჟიმის დასამხობად საჭიროა ქმედითი ღონისძიებები. ახსენა სიტყვა რევოლუციაც.
- მისი ეს ნათქვამი როგორ გაიგეთ? რა სახეს და ხასიათს შეიძენს ეს ყველაფერი? რაიმე ახალს ხომ არ მივიღებთ?
- ნებისმიერი პროტესტი, პოლიტიკურ მდგენელთან ერთად, ემოციურ მდგენელს მოიცავს. ადამიანები როდესაც აცნობიერებენ, რომ მათ რაღაც საფრთხე ელოდებათ, ისინი იწყებენ ამ პოლიტიკური პროცესის შეფასებას და ეს გადადის ემოციურ ჭრილში. დღეს ელენეს ეს თავგანწირვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, როცა მას რამდენიმე ადამიანიც შეუერთდა. მე ვფიქრობ, რაც ახლა აკლია ამ პროცესს, ეს არის გარკვეულწილად ემოცია.
- ელოდებით პროტესტის გამოცოცხლებას?
- ერთი მდგომარეობა, რომელიც ამ წუთას არის, მუდმივად ვერ შენარჩუნდება. მისი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, ან კიდევ უფრო მეტ მილევამდე, ან გაძლიერებამდე. მილევას არ ველოდები, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. ამის კატალიზატორი იქნება თუ არა ეს შიმშილობა, არ ვიცი. პოლიტიკური ლიდერების დაკავებამ ეს ემოციები სოციალური ქსელების მიღმა ვერ გაიტანა. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტული აქტიდან რა შეიძლება დავინახოთ, როგორ გავრცელდება ის საზოგადოების ემოციაზე, ამას ვნახავთ სულ რამდენიმე დღეში. პროცესი ასე რომ არ დასრულდება და ვერც ამ რეჟიმში შენარჩუნდება, ეს ცხადია.
- გასული კვირის ბოლოს, ირაკლი კობახიძე წარსდგა პარლამენტში. მისი თანაგუნდელების ქება-დიდებაც მოვისმინეთ, ბოლოს ხუმრობდნენ, ივანიშვილი არ გაანაწყენონ ამდები ქება-დიდებითო. თქვენ რა ამოიკითხეთ მის განცხადებებში და გზავნილებში? ბევრისგან მოვისმინე, რომ ჩვენ ახლა ვხედავთ მემკვიდრის მზადების პროცესს.
- მე ამაზე ძალიან ადრე ვთქვი, რომ კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს რომ უნდა მემკვიდრეობა, ამას აქვს მნიშვნელობა. მას მიაჩნია, უკვე საკუთარი თავი მემკვიდრედ. ამ მოხსენებას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ეს იყო პროპაგანდისტული მოხსენება „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის, ბაბლისთვის. იმდენი ტყუილი ითქვა, რომ მეტი არ შეიძლება. ნატოსთან თანამშრომლობას ვაგრძელებთო და 2023 წლის შემდეგ საქართველოში არანაირი სწავლება არ ჩატარებულა. ასევე კობახიძის დიდი ტყუილი, ბოლო 12 თვეში ოთხი ჰესი აშენდაო. წარმოგიდგენიათ?! 12 თვე ორსართულიანი სახლის აშენებას არ ჰყოფნის და ჰესი აშენდა 12 თვეში? თანაც ოთხი?!
- თუმცა სხვა გზავნილებიც იყო მისგან, ვიღაცამ ნარკოტიკით იშოვა დიდი ფული, ვიღაცამ ფულის მოპარვა დაიწყოო. ვისმენთ შეფასებებს, რომ უკვე საკუთარ თანაგუნდელებზე გადავიდნენ და მათი გაპარსვა მიდის. ამ ჭრილში ძალიან ბევრს საუბრობენ კახა კალაძეზე, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, მას პროკურატურა უზის. გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა კალაძე დაიჭირონ?
- კალაძის თემას ხშირად ვიღაც შეგნებულად გამოაგორებს ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ კალაძე არის ივანიშვილის "ოჯახის წევრი", თუმცა საკუთარი „ოჯახის წევრების“ გაწირვის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი. ერთს ვიტყვი, დღეს კალაძეზე დგას ივანიშვილის უამრავი ბიზნესინტერესი. მე არ ვფიქრობ, რომ ამ წუთას რაღაც გადაწყვეტილებები იქნება კალაძესთან დაკავშირებით მიღებული. მით უფრო, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, სწორედ კობახიძემ თქვა, რომ ზუსტად ვიცი, კალაძე იქნება ქალაქის მერიო. იმიტომ, რომ ეს აწყობილი მექანიზმია, ფულის საჭრელი. რას დაამსგავსეს ქალაქი.
- ანუ ამ ეტაპზე არ აწყობთ კალაძის დაჭერა?
- მე ასე არ ვფიქრობ. კალაძე ივანიშვილის ოჯახის წევრია, რომელიც ამ წუთას ძალიან სჭირდება.
- მაშინ ვის გაწირავენ, შეიძლება ეს ღარიბაშვილი იყოს?
- ამ შემთხვევაში გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. კობახიძეს მიეცა კარტბლანში. აქედან გამომდინარე, კობახიძემ სალაროში უნდა მიიტანოს ფული. ამ სალაროში ფულის მისატანად მას სჭირდება საკუთარი ადამიანები სხვადასხვა ადგილზე. ამ შემთხვევაში, ან ძველები უნდა აქციოს საკუთარ ადამიანებად, ან ისინი უნდა ჩაანაცვლოს. შესაბამისად, ჩანაცვლების პროცესი მიდის. როგორც ჩანს, ძველებს არ ენდობა კობახიძე და მისი გუნდი. ამ ადამიანებმა ერთი რამ ვერ გაიგეს, ეს ნაძარცვი ქონება ბოლოს არავის არ შერჩება. ესენი ფულზე დახარბებული ადამიანები არიან. ფული არის ის ღმერთი, რომელსაც ისინი აღიარებენ. ივანიშვილსაც კი არ აღიარებენ. ივანიშვილი უამრავი ადამიანისთვის არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იშოვონ ფული. სტანდარტული კორუფციული სისტემა არსებობს ქვეყანაში და პერსონებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მიქაუტაძე მოიპარავს ფულს და სადღაც ვილას აიშენებს, თუ სხვა ვინმე, ამას აქვს რამე მნიშვნელობა?!
- მიქაუტაძეს მიაყოლეს ეკონომიკის მინისტრიც.
- აქ სულ სხვა კონტექსტია. ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. ლევან დავითაშვილის მოხსნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- აბა რა კონტექსტია?
- აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. ლევან დავითაშვილი მესენჯერი იყო დასავლეთთან ურთიერთობაში და კერძოდ შეერთებულ შტატებთან. ბოლო ვიზიტი ოფიციალური პირებისა, ფორმალური და არაფორმალური, ჰქონდა ორ ადამიანს, ლილუაშვილსა და დავითაშვილს. დღეს არცერთი აღარ არის თანამდებობაზე. როგორც ჩანს, კონკრეტული ამოცანები, რომელიც მათ განუსაზღვრეს, ეს ამოცანები ვერ შესრულდა, ხოლო ამ შეუსრულებელი მისიის შემდეგ, ისინი წარმოადგენენ ბალასტს. არავის არაფერში არ სჭირდებათ. ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრიც ივანიშვილია, შს მინისტრიც და ასე შემდეგ. ეს კაცი, თავისი მოადგილის, კობახიძის მეშვეობით მართავს ამ სამინისტროებს. საქართველო ივანიშვილისთვის ბიზნესკორპორაციაა და მას საერთოთ არ ესმის, რა ჯანდაბა უნდა ამ ხალხს. რატომ არიან უკმაყოფილოები. თავის კანტორად მიიჩნევს ამ ქვეყანას. ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, ის ჩვეულებრივი "ხიშნიკია", რომელიც ცდილობს, რომ ნებისმიერი გარიგებიდან იმოქმედოს ისე, რომ მიიღოს სარგებელი. თუმცა ივანიშვილმა ისიც კარგად იცის, რომ ბევრ რამეს კარგავს ახლა. ძალიან საინტერესო იყო დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანქციებთან გვერდის ავლის ფორმებთან დაკავშირებით, რომლითაც უთხრეს საქართველოს ბიზნესმენებს, რა შემთხვევაში შეიძლება მათი დასანქცირების მომენტი დადგეს.
- რით დაასრულებს „ოცნება“? პროცესების როგორ განვითარებას ელით?
- „ოცნებას“ რაც სჭირდება არის ის, რომ როგორმე ჩაატაროს არჩევნები. პროცესი მიათრიოს ამ არჩევნებამდე. ამ პერიოდში მოახდინოს ყველა პოლიტიკური ძალის მარგინალიზება. მე ძალიან არასერიოზულად ვუყურებ იმაზე გაბრაზებას, რაც ალეკო ელისაშვილმა თქვა, მე არჩევნებში მონაწილეობას მივიღებო. ალეკო 3-კაციანი პარტიის წარმომადგენელი თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ანუ ისევ „ოცნება“ მიიღებს, მე ასე ვუყურებ ამას. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ იოსელიანი-ელისაშვილის ტანდემს რამე დაემართა, ან დაემუქრა. იოსელიანს პერსონალური ვალი აქვს სახალხო დამცველად დანიშვნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ელისაშვილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ეს არაფერს შეცვლის. უბრალოდ, პროცესის მითრევა უნდათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაც ახალი შემოაგდონ. თუმცა, ამისთვის ცოტა დრო რჩება. ასე "ხავერდოვნად" უნდათ, რომ მივიდნენ არჩევნებამდე.
- მივლენ კი? ხომ შეიძლება უცებ ამოყირავდეს სიტუაცია?
- რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი განცხადებები, რაც ბოლო დღეებია ევროსაბჭოში კეთდება, მეც კი არ მომისმენია. სიტუაცია საგანგაშოა. ასე ვერ გაგრძელდება. თუ რა წნეხი წავა ამათზე, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. დასავლეთს რადიკალურად მოუწევს ამ რეჟიმთან ურთიერთობა. ესენი კეთროვნები არიან, არავის არ სჭირდება მათთან ურთიერთობა. ორბანსაც კი მალე ყელში ამოუვა ამათი ვიზიტები და მასპინძლობა.