აშშ-ის ახალი სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ირანი ამუშავებს გეგმებს, რომლებიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ე.წ. „ბინძური ბომბის“ აფეთქებას ან ქიმიური იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს. ამის შესახებ CNN შვიდ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ მსჯელობენ, აქვს თუ არა ირანს მსგავსი თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა და აპირებს თუ არა თეირანი ამ გეგმების რეალიზებას.
წყაროების შეფასებით, ამ ეტაპზე გამოვლენილი გეგმები უფრო შესაძლო მოქმედების ვარიანტების შემუშავებაზე მიუთითებს, ვიდრე გარდაუვალ თავდასხმაზე. მიუხედავად ამისა, სადაზვერვო ინფორმაცია საკმაოდ კონკრეტულია და შესაძლო სამიზნეებსა და ადგილებსაც მოიცავს, რამაც ამერიკის შესაბამის უწყებებში საგანგებო ღონისძიებების დაგეგმვა გაააქტიურა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ლორენ ბისის განცხადებით, აშშ ყველა შესაძლო საფრთხეს აკვირდება, თუმცა ამჟამად ქვეყნის წინააღმდეგ სარწმუნო საფრთხე გამოვლენილი არ არის.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიღებულ ინფორმაციას ირანის მხრიდან შესაძლო ესკალაციის საგანგაშო ნიშნად მიიჩნევენ. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც თეირანი აშშ-ის მიმდინარე სამხედრო დარტყმებისა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების შეფასებით, ბლოკადა ირანის ეკონომიკას „გამანადგურებელ ზიანს“ აყენებს.
CNN-ის წყაროების თანახმად, სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების სცენარებს აქტიურად ამუშავებს, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი განხორციელების გადაწყვეტილება მიღებულია.
ამერიკელი ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ არატრადიციული იარაღით თავდასხმების მიმართ აშშ-ის მოწყვლადობაზეც. მათი შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ირანმა შესაძლო თავდასხმის განსახორციელებლად შეერთებულ შტატებში უკვე მცხოვრები პირები გამოიყენოს.
ამასთან, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანმა შესაძლოა ქიმიური იარაღი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგაც გამოიყენოს.
რამდენიმე ოფიციალური პირის განცხადებით, რეგიონში მყოფ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილს მსგავსი თავდასხმისგან დასაცავად სათანადო აღჭურვილობა და მომზადება არ აქვს.
CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამ საფრთხის გათვალისწინებით, შემუშავებულია დამატებითი საგანგებო გეგმაც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკელი დიპლომატიური და სადაზვერვო პერსონალის შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფასა და მომზადებას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე აშშ-ის ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ, რომ სადაზვერვო მონაცემების არსებობის მიუხედავად, ირანის მიერ თავდასხმის განხორციელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დადასტურებული არ არის.