ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, სირიასთან ასოცირების შეთანხმება მკაფიო პირობებს უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას.
ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიასთან შეთანხმების საკითხის განხილვისას რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. მათ შორისაა იმ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა აღიარა.
„წევრი სახელმწიფოების მინისტრებმა რამდენიმე საკითხი წამოაყენეს, მათ შორის, ის, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენ მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს. ასევე, უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება, რომლებიც ასადის რეჟიმმა აღიარა“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სირიასთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2008 წელს გაიმართა. მისი თქმით, გასული დროის გათვალისწინებით, განიხილება, საჭიროა თუ არა შეთანხმების განახლება.
„კომპრომისი იქნებოდა, თუ ხელს მოვაწერდით 2008 წლის შეთანხმებას. ეს ჩარჩოა იმისთვის, რათა ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რაც მათსა და ჩვენს ინტერესებში შედის. ამავდროულად კი, საბჭოსთან ერთად ვიმუშავებთ განახლებული შეთანხმების შემუშავებისთვის“, – აღნიშნა მან.
კალასის ინფორმაციით, ამჟამად ევროკავშირის სამუშაო ჯგუფები შეთანხმების ტექნიკურ და სამართლებრივ დეტალებზე მუშაობენ. მისი თქმით, პროცედურებს დრო დასჭირდება.