23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა დამალეს დევნის ოპერაცია, რომლის შემდეგაც ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს. ამის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.
ტუკვაძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან თერჯოლის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და გამომძიებელი.
„დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, პოლიციელები სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით არიან დაკავებული, რომელიც ცრუ ჩვენების მიცემას უკავშირდება. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
ადვოკატის განმარტებით, თავდაპირველად, როდესაც თემურ ხადურის ცხედარი იპოვეს, პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. მოგვიანებით, საქმის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გადასვლის შემდეგ, მოპოვებულმა მტკიცებულებებმა, მისი თქმით, დევნის ფაქტი და პოლიციელების მიერ ცრუ ჩვენების მიცემა დაადასტურა.
„როდესაც ხადურის ცხედარი ნახეს, ამის შემდეგ იყო ამ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ თემურ ხადურთან. ამის შემდეგ, როდესაც საქმე გადავიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, სადაც დადასტურდა დევნის ოპერაცია და დადასტურდა, რომ ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა“, – აღნიშნა ტუკვაძემ.
მისივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამოღებული იყო დიდი რაოდენობით აუდიო-ვიდეომასალა, რომლის შესწავლასაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა. ექსპერტიზის დასკვნები დაახლოებით ათი დღის წინ მიიღეს.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება განსაკუთრებით რთული იყო, რადგან საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე მნიშვნელოვანი დრო იყო გასული. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებსა და გამომძიებელ გიორგი ხაჩიძეს.
„ეს საქმე ძალიან რთული იყო, რთულად გასახსნელი, რთულად დასადგენი, იმიტომ, რომ საკმაოდ დრო იყო გასული, როდესაც ეს საქმე დაექვემდებარა საგამოძიებო უწყებებს“, – განაცხადა ტუკვაძემ.
ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა, რის შემდეგაც სამართალდამცველები დაედევნენ.
სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, ხადურის ცხედარი მწყემსმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა.
საქმის გამოძიების მიმდინარეობისას გარდაცვლილის დედა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მოითხოვდა. რამდენიმე კვირის წინ, მისი პროტესტის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.