მარკო რუბიო: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთიც უნდა ეთანხმებოდეს, რათა მათ იმუშაოს
ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დაფინანსებაში სამართლიანი წვლილის შეტანისკენ მოუწოდებს და ფინანსური გადაწყვეტილებების დაბლოკვაზე მიანიშნებს
ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
რომან გოცირიძე: რატომ გადააქვს ეროვნულ ბანკს რეზერვების 15% ჩინურ იუანში და ხომ არ იზღვევს ამით ივანიშვილი საკუთარ თავს?
ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი

რომან გოცირიძე: რატომ გადააქვს ეროვნულ ბანკს რეზერვების 15% ჩინურ იუანში და ხომ არ იზღვევს ამით ივანიშვილი საკუთარ თავს?

ნახვები: 267 რომან გოცირიძე: რატომ გადააქვს ეროვნულ ბანკს რეზერვების 15% ჩინურ იუანში და ხომ არ იზღვევს ამით ივანიშვილი საკუთარ თავს?

 

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ჩინურ იუანში განთავსებული სავალუტო რეზერვების წილი 15%-მდე გაზარდოს, შესაძლოა, არა ეკონომიკურ მიზნებს, არამედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს ემსახურებოდეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აცხადებს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გოცირიძის ინფორმაციით, საქართველოს დღემდე უშუალოდ არ შეუძენია ჩინეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდები. 2021 წლიდან ეროვნულ ბანკს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ჩინურ იუანში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მეშვეობით ჰქონდა განთავსებული, რაც ჩინურ სახელმწიფო აქტივებში არაპირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, აქამდე იუანში ინვესტირების ლიმიტი სავალუტო რეზერვების 5%-ს შეადგენდა, თუმცა 2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მისი 15%-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა. 8 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვების პირობებში ეს დაახლოებით 1,2 მილიარდ დოლარს შეესაბამება.

„რატომ იზრდება საინვესტიციო ლიმიტი 5%-დან 15%-მდე? რა ეკონომიკური სარგებელი ამართლებს ასეთ მკვეთრ ცვლილებას? რატომ უნდა გადავიტანოთ რეზერვების გაცილებით დიდი ნაწილი იმ ვალუტაში, რომლის წილიც მსოფლიო სავალუტო რეზერვებში მხოლოდ სიმბოლურია, ხოლო შემოსავლიანობა 2-3-ჯერ ნაკლებია ამერიკულ ფასიან ქაღალდებთან შედარებით?“ – კითხულობს გოცირიძე.

პოლიტიკოსს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები მოჰყავს, რომელთა მიხედვითაც, 2024 წლის ბოლოს მსოფლიო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილი 2,18%-ს შეადგენდა. მისივე მტკიცებით, იუანში განთავსებული რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე, ირანსა და ბელარუსზე მოდის.

გოცირიძის შეფასებით, ჩინეთის სახელმწიფო აქტივებში ინვესტირებას სავალუტო, საპროცენტო, ლიკვიდურობისა და გეოპოლიტიკური რისკები ახლავს, ხოლო ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა რეზერვების უსაფრთხოების, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის უზრუნველყოფაა.

ამასთან, პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისთვის დასავლური ფინანსური შეზღუდვებისგან თავის დაზღვევის მცდელობას უკავშირდებოდეს.

„ივანიშვილს აშშ-ის სანქციები აქვს დაწესებული. დასავლეთთან დაპირისპირების გაღრმავებისა და ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობის გამო, მოსალოდნელი დამატებითი ფინანსური შეზღუდვების რისკის ფონზე, ჩინეთი შეიძლება მისთვის ალტერნატიულ პოლიტიკურ და ფინანსურ საყრდენად განიხილებოდეს“, – აცხადებს გოცირიძე.

მისი შეფასებით, ჩინეთთან ფინანსური ურთიერთობების გაღრმავებას შესაძლოა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პირადი პოლიტიკური და ფინანსური დაზღვევის მოტივიც ჰქონდეს.

„როგორც ჩანს, ფინანსური კურსის შეცვლა არა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან, არამედ ივანიშვილის პოლიტიკური თვითდაზღვევის გათვლით ხდება. ამ მასშტაბის გადაწყვეტილება მხოლოდ სიტყვით – „დივერსიფიკაცია“ ვერ გამართლდება“, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ჩინეთის სახელმწიფო აქტივებში რეზერვების ასეთი მოცულობით განთავსება შესაძლოა საქართველოს დასავლური ფინანსური სივრციდან ჩინეთისკენ გეოპოლიტიკური გადახრის რისკის წინაშე აყენებდეს.

„ეს კი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი რისკის მქონე გადაწყვეტილება იქნება“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა