საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთა.
„ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? ეს როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი „პიკასოს ბიჭი?“ ვითომ უცხო ენები იცისო?“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა ივანიშვილს ღარიბაშვილთან დაკავშირებითაც მიმართა და მისი გარემოცვის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებებზე ისაუბრა.
„როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? ეს უბეში გაზრდილი ძაღლი, ფინია, არ არის ასევე მისაყვანი და დასაძინებელი?“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე მტკიცებით, გრიგოლ ლილუაშვილი ივანიშვილისთვის თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.
„ჩემ გვერდზე, ქვემოთ ის ლილუაშვილი როგორ გიბედავს? ამბობს, ბიძინას არანაირ ფულს არ მივცემო, მაინც გაქრება საქართველოდანო! მთელი ციხე მაგას ლაპარაკობს“, – აღნიშნა მან.
სააკაშვილმა ივანიშვილის ოჯახის წევრების გარემოცვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, საკუთარი ოჯახისა და გარემოცვის პრობლემებით დაკავებულიყო.
„თუ შენ გარემოცვას და შენს ოჯახს ვერ აკონტროლებ, „ჯიგარ“, თუ ქუჩას ვერ აკონტროლებ და მსოფლიოს მასშტაბით თავი მოგეჭრა, ჩვენგან, ქართველებისგან რა გინდა? გაგვეშვი და მიხედე ოჯახს“, – მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.
სასამართლო პროცესზე მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა და საკუთარი მმართველობის პერიოდი გაიხსენა. მისი განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კორუფციასთან ბრძოლაში, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
„ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, პენსია გავზარდეთ, აჭარა და ჯავახეთი საქართველოს კონტროლზე დავაბრუნეთ, პრაქტიკულად წავართვით რუსეთს. ახალი ქვეყანა ავაშენეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ეკონომიკური განვითარების გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, თავად რომ თავისუფლებაზე ყოფილიყო.
„მე კიდევ ერთს გთხოვთ, რომ მიმსახურეთ, რამე კარგი გამაკეთებინეთ თქვენთვის და წინ წავიყვანოთ ქვეყანა!“ – აღნიშნა მან.
სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც მიმართა და პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდა.
„რიგითო „ქოცებო“, ჩემკენ „ნაბიჯით იარ“. ნუ გეშინიათ, არ ვიკბინები, არაფერს დაგიშავებთ“, – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნის წარმატება ყველა მოქალაქის საერთო ინტერესია.
ამასთან, სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებსაც შეეხო და ისინი რუსეთის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციად შეაფასა.
„7 ნოემბერი იყო რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. „ვარდების რევოლუციაზე“ „აბაროტის“ აღება. ეს იყო პატარკაციშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.