როგორც ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს, სამოქალაქო გემებზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაციით. რუმინეთის სანაპიროსთან სამოქალაქო გემს, რომლის ეკიპაჟიც უკრაინისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისგან შედგებოდა, დარტყმა მიაყენეს“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი შეფასებით, მსგავსი თავდასხმები მიუღებელია, რადგან საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს.
„ეს უგუნური თავდასხმები საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და საერთაშორისო სამართალს ღიად უგულებელყოფს“, – აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დაღუპული და დაკარგული მეზღვაურების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც დაკარგულთა ძებნას აგრძელებენ.
„მადლობას ვუხდი სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მათ მოსაძებნად დაუღალავად მუშაობენ“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „ხორივი“ (Khoryv) ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი მეზღვაური, სამი კი დაკარგულად ითვლება.
გემის ეკიპაჟი უკრაინისა და აზერბაიჯანის 13 მოქალაქისგან შედგებოდა. ხომალდმა დახმარების სიგნალი რუმინეთის პორტ კონსტანცადან დაახლოებით 13 საზღვაო მილის დაშორებით გაგზავნა.
მომხდარში რუსეთი რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმაც დაადანაშაულა და თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ესკალაციას დაუკავშირა.