ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არსებული ტერიტორიული მდგომარეობა უცვლელი დარჩებოდა და უკრაინა ქვეყნის ტერიტორიის სულ მცირე 75%-ზე კონტროლს შეინარჩუნებდა, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.
„დიახ. თუ ახლა მოგვიწევს სიტუაციის გაყინვა, ვფიქრობ, ეს ომის დასრულების რეალური გზაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთისგან მინიმალური მოთხოვნა საბრძოლო მოქმედებებისა და ადამიანების დაღუპვის შეჩერებაა.
„ამას ცეცხლის შეწყვეტას ვუწოდებთ, ან მკვლელობების შეჩერებას, როგორც ამას პრეზიდენტმა ტრამპმა უწოდა. გავყინოთ და შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ეს არის მინიმუმი, რასაც დღეს რუსეთისგან ვითხოვთ“, – აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი იქნება შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება, რათა საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მდგრადი მშვიდობა მოჰყვეს.
„ამის შემდეგ, ბუნებრივია, მივმართავთ პრეზიდენტსა და ევროპელ პარტნიორებს უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად. ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხო მშვიდობაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განცხადება გულისხმობს ფრონტის არსებული ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესაძლებლობას. ინტერვიუს ამ მონაკვეთში ზელენსკის არ განუცხადებია, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივად აღიარებას დათანხმდება.