ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მან მხარი დაუჭირა ზელენსკის ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც სურსათის გლობალური მარაგებისა და უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ითვალისწინებს.
ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ომი ახალ, უფრო მძიმე ეტაპზე გადავიდა. მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე პროცესებს აჭიანურებს, პარალელურად კი ფრონტის ხაზიდან მოშორებით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებს.
„უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატე. ასევე, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხელმძღვანელობს“, — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მომავალი წლის ფინანსურ საჭიროებებსა და დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების შესაძლებლობებს.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახალი დაფინანსება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საჰაერო სივრცის დაცვას მოხმარდება.
ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსაც შეეხო. მისი თქმით, ევროკავშირი გეგმავს გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ ორი კლასტერის გახსნას.
„პროცესი რეალურ იმპულსს იძენს“, — აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
დამატებითი სამხედრო დაფინანსების კონკრეტული მოცულობა და გამოყოფის პირობები მის განცხადებაში მითითებული არ არის.
წყარო: ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება სოციალურ ქსელ X-ში.