ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის მმართველობის შედეგად ბიძინა ივანიშვილი დასავლური სამყაროსგან სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
„რა სარგებლობა მოუტანა კობახიძის მმართველობამ ბიძინა ივანიშვილს? სრული იზოლაცია დასავლური ცივილიზაციისაგან“, — წერს ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, ივანიშვილისთვის ვითარებას ართულებს აშშ-ის სანქციების შენარჩუნება და ევროპარლამენტის მოთხოვნა მისი დასანქცირების შესახებ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპთან გადაღებული პროტოკოლური ფოტოს ნამდვილობის საკითხი არსებითად ვერაფერს ცვლის, რადგან ეს ივანიშვილის არც პოლიტიკურ და არც ფინანსურ მდგომარეობას არ აუმჯობესებს.
ჯეჯელავა ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პორტის პროექტზეც. მისი მტკიცებით, ჩინეთის მიერ პროექტზე უარის თქმასა და ტენდერის ჩაშლას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და რეგიონში აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები უკავშირდება.
ანალიტიკოსი პრობლემურად აფასებს საქართველოს ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთანაც. მისი აზრით, ბოლო მოვლენები აზერბაიჯანთან ურთიერთობების შესაძლო გართულებაზე მიუთითებს, სომხეთთან მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ მთავრობის მწირი ინფორმაცია, მისი შეფასებით, არსებითი შედეგის არარსებობაზე მიანიშნებს.
ჯეჯელავა ასევე საუბრობს ქვეყნის შიგნით მზარდ უკმაყოფილებაზე, მათ შორის მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის, და სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ის აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტის შესაძლო გამოყენების საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
ანალიტიკოსი დამატებით მიუთითებს აშშ-ში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც, მისი ვარაუდით, ივანიშვილისთვის არასასურველ შედეგებს შეიძლება უკავშირდებოდეს. იგი ასევე აკრიტიკებს ირანის ელჩთან დაკავშირებულ დიპლომატიურ ვითარებას.
„რაც მთავარია, კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით და სურვილით ხდება. წარმატებები, ჩემო პრემიერო, ძალიან გულწრფელად!“ — წერს ლელა ჯეჯელავა.