ეროვნული ბანკის განცხადებით, უწყებამ შეისწავლა შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების მიერ წარდგენილ წერილებში მითითებული გარემოებები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პირველადი შიდა მოკვლევა ჩაატარა. თუმცა, ვინაიდან საკითხების სამართლებრივი შეფასება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას სცდება, შესაბამისი მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.
„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხის განხილვა ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტების დაცვას ემსახურება.
„გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი ასევე ავრცელებს ინფორმაციას თავად შპს „ბიტექსჩეინჯის“ შესახებ. უწყების ცნობით, ვირტუალური აქტივების მომსახურების აღნიშნული პროვაიდერი გეგმიური შემოწმების შედეგად დაჯარიმდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესების დარღვევისთვის.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით დაიწყო, რომელიც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
გამოძიების საფუძველი გახდა „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები და მათზე დართული აუდიოჩანაწერები. განმცხადებლების მტკიცებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შესაძლოა მონაწილეობდეს იმ კომპანიების საქმიანობაში, რომლებიც ეროვნული ბანკის რეგულირებას ექვემდებარებიან და რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან დაკავშირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული.
პროკურატურა აღნიშნულ გარემოებებს სწავლობს. ამ ეტაპზე ნანა ყეინიშვილის მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი დადგენილი არ არის.