„TV პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა ტელეკომპანიის ახალი დირექტორი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები წარადგინა. მისი ინფორმაციით, არხის დირექტორის თანამდებობას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე დაიკავებს.
წერეთლის განცხადებით, ტელეკომპანიაში შეიქმნა საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. საბჭოს წევრები არიან ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე.
„TV პირველის“ მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა. მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა. ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედია სტანდარტის დანერგვის დრო“, - წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მრჩეველთა საბჭო არხში ახალი იდეების გენერირებას, ტელეკომპანიის განვითარებასა და მის საქმიანობაში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.
„პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი, ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის“ განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, - აცხადებს წერეთელი.
ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას ამ დრომდე თავად ვატო წერეთელი იკავებდა. ლევან ჯორბენაძემ კი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელის თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა.