ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ მომხრეებს მიმართავს და კითხვას სვამს, რატომ ირჩევენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ევროპას დასვენების, განათლების, მკურნალობისა და ქონების შესაძენად მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების რიტორიკაში ევროკავშირი ხშირად ნეგატიურად არის წარმოჩენილი.
„გულწრფელად მაინტერესებს ერთ შეკითხვაზე პასუხი და ეგებ ვინმემ „ქართული ოცნების“ მომხრეებიდან მიპასუხოთ: თუ ევროპა — ევროკავშირი — არის ცუდი, მოგვიწოდებს გავხსნათ მეორე ფრონტი, ომში გვითრევდა, ეკონომიკური ვითარება საშინელია, ადამიანის უფლებები ირღვევა, სიბინძურეა, არ სცემენ პატივს ტრადიციებსა და ოჯახის ღირებულებებს, არიან ურწმუნოები და ა.შ., მაშინ რატომ დადის „ქართული ოცნება“ დასასვენებლად ევროპაში?“ — წერს ნუცუბიძე.
ჟურნალისტი იმავე კონტექსტში სვამს კითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების მიერ ევროპაში განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისა და სხვა შესაძლებლობების გამოყენების შესახებ.
„რატომ ასწავლიან შვილებს ევროპაში? რატომ აჩენენ შვილებს ევროპაში? სამკურნალოდ და ანალიზების ასაღებადაც კი რატომ დადიან ევროპაში? შოპინგზე რატომ დადიან ევროპაში? უძრავ ქონებას რატომ ყიდულობენ ევროპაში? რატომ აქვთ ბიზნესები ევროპაში?“ — წერს ნუცუბიძე.
„ვინმეს გაქვთ ამაზე პასუხი?“ — ამ კითხვით ასრულებს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.