საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 ივლისისთვის - დოლარი - 2.6953 ლარი, ევრო - 2.9476 ლარი, ფუნტი - 3.5028 ლარი
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დაამტკიცეს
21 ივლისის დილამდე საქართველოში წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
პეტრე ცისკარიშვილი - კობახიძე ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს და თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან
გიორგი ვაშაძე - მივესალმებით სხვა ოპოზიციური პარტიების გადადგმულ ნაბიჯებს გაერთიანებებისკენ
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი გახდა

საქსტატი - პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით, 44.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

06.05.2023 | 12:49 ნახვები: 516

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 15.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

ამასთან, უწყების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.2 პროცენტი, საშუალოზე – 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.8 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 24.1 მლრდ. ლარი, ანუ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.0 პროცენტით მეტი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 15.7 მლრდ. ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს შედარებით 10.9 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 716.1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალია, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 677.2 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 645.8 მლნ. ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 26.2 პროცენტით აღემატება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარს გაუტოლდა, ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 279.4 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 208.8 ლარით აღემატება.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 4.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.

“2023 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 21.2 პროცენტით, მეორე ადგილზეა ვაჭრობა – 19.2 პროცენტით. შემდეგ მოდის მშენებლობა – 14.9 პროცენტით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.9 პროცენტით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.8 პროცენტიანი წილი უჭირავს. საანგარიშო პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.3 და 10.3 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების, აგრეთვე მშენებლობის, ინფორმაცია და კომუნიკაციის და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი, რომელზეც 80.2 პროცენტიანი წილი მოდის. შემდეგ არის აჭარის ა.რ. – 5.0 პროცენტიანი წილით, ქვემო ქართლი – 4.7 პროცენტი, იმერეთი – 2.9 პროცენტი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.0 პროცენტიანი წილით.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.2 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი; იმერეთი – 6.9 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი; კახეთი – 2.8 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.6 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.2.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა