ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა - "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს" - ლევან იოსელიანი
კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან
ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა
შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულია ცივი იარაღი
ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ

დედაქალაქიდან მიქცეულმა რიონმა ნაპირზე დატოვა ძალაგამოცლილი ხელისუფლება და ხალხისგან გაუცხოებული ოპოზიცია

05.28.2021 | 13:11 ნახვები: 655

23 მაისს, დედაქალაქში შემოსულ რიონის მცველთა აქციაზე, ერთმა ტრანსპარანტმა ყველაზე მეტად მიიპყრო ყურადღება - „რიონი მოდის", ეწერა ტრანსპარატს და თან მოჰქონდა ხმაურის, ღელვის და შიშნარევი გაურკვევლობის განცდა.

210 დღის განმავლობაში დაგუბებული, რიონს მოყოლილი პროტესტის კალაპოტში მოქცევა იოლი არ უნდა ყოფილიყო, მით უფრო, როცა იყო მოლოდინი, რომ ამ პროტესტს თბილისში საკმაოდ მძლავრი შენაკადები უნდა გასჩენოდა.

პირველივე გამოსვლის დროს რიონის მცველთა უპირობო ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჩვენ აქ დიდ ხანს მოგვიწევს დარჩენაო.

თბილისში ჩამოსვლმდე სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია „თბილისი არის ურთიერთობა", რომელიც დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსული ადამინებისათვის საცხოვრებლით და კვებით უზრუნვეყოფას ემსახურებოდა, რესპუბლიკის მოედანზე გაშლილი ნარინჯისფერი კარვები და სცენის ტექნიკური უზრუნველყოფა იმაზე მიუთითებდა, რომ 210 დღიანი პროტესტის კულმინაცია და კვანძის გახნა სწორედ თბილისში უნდა მომხდარიყო.

როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის პირველსავე დღეს დაანონსებული თბილისის პარალიზებაც - ჩაკეტვა, სწორედ იმას მოწმობს, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი სცენარით უნდა წარმართულიყო.

ასე ხმაურით შემოვიდა დედაქალაქში რიონი და დახვდა მრავალ დროების მომსწრე, მოდუდუნე მტკვარი, ნელადმღელვარი.

3 დღეში ყველაფერი ისე დასრულდა, ვერც მოსვლის და ვერც წასვლის გავიგეთ რამე. ჰოდა, ახლა მტკვრის პირას ჩამომჯდარი შევეცდები გავართვა თავი ფიქრს, რა გამორიყა მიქცეულმა რიონმა.

---

ამ დღეებში ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალისტთა თუ არასპეციალისტთა მიერ გამოთქმული უამრავი მოსაზრების მიუხედავად, ჩვენს ცოდნას არაფერი შეემატა არც ჰესის აშენების სასარგებლოდ და არც საწინააღმდეგოდ.

მიქცეულმა რიონმა ნაპირზე გამორიყა სრული უნდობლობა ჩვენი საზოგადოების განსხვავებულ წევრებს შორის. უნდობლობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, უნდობლობა ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის, უნდობლობა განსხვავებული მოსაზრებების მქონეთა შორის, უნდობლობა თვით ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე სხვადასვა ჯგუფებს შორის.

მიჩნდება კითხვა: თუ რიონის მცველთა პროტესტის მთავარი მიზეზი ნამახვანჰესის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული რისკებია, შესაძლებელია თუ არა ნამახვანჰესის პროექტმაც და ინვესტორთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამაც გაიაროს მიუკერძოებელი საერთაშორისო ექსპერტიზა, რომლის დასკვნებიც მისაღები იქნება მთელი საზოგადოებისათვის.

საპროტესტო აქციების ორგანიზებისათვის მიმართული ფინანსებით და დამატებითი სახსრების მოძიებით ეგებ ეს პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ ჩვენი, ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ მეტი ფრაგმენტაცია არ გამოიწვიოს?!

მიუხედავად იმისა, ვინ არის ამ საპროტესტო აქციის ჩრდილოვანი მმართველი და რა რეალური მიზნები აქვს მას, თავად ვარლამ გოლეთიანის ფენომენი არის ძალიან საინტერესო და პოზიტიური მოვლენა, რომელმაც გვაჩვენა, რომ ლიდერი შეიძლება იშვას ხალხის წიაღიდან, იყოს მისი ნაწილი და შეძლოს ხალხის ტკივილის და მისწრაფებების წარმოჩენა ყალბი ემოციების და ზღვარგადასული აგრესიულობის გარეშე - ხალხისთვის გასაგებ ენაზე.

ამ პროტესტმა შეიძლება რეგიონებში ბიძგი მისცეს ახალი სახალხო მოძრაობების გაჩენას - ახალი ლიდერებით და სრულიად ახალი პოლიტიკური პარადიგმის ჩამოყალიბებას.

ჩანს, რომ ადამიანები უკვე აღარ ენდობიან მათ გვერდით და ცოტა ზემოთ მყოფ პოლიტიკოსებს. ახალი დროის ლიდერი გვერდზე კი არა, ხალხში უნდა იყოს და ხალხი უნდა იყოს მასში.

დედაქალაქიდან მიქცეულმა რიონმა ნაპირზე დატოვა ძალაგამოცლილი ხელისუფლება და ხალხისგან გაუცხოებული ოპოზიცია. დატოვა ხალხი - მრავლის მომსწრე და მნახველი, რომელიც ადვილად აღარ ტყუვდება . რომელსაც ვეღარ გააბითურებ.

9 წელი რომ მთელი ქვეყანა და მსოფლიო, საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე ლაპარაკობს და შენ ივანიშვილის გვარს ერთხელაც არ დაასახელებ, როგორც ამ უსამართლობის შემოქმედს და თავს იმით იმართლებ, ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არ არისო, ფაქტია - არ ხარ გულწრფელი.

ქართული მიწის გაყიდვას რომ აპროტესტებ და შენს სატკივარში ოკუპაციას ერთხელაც არ ახსენებ, ქვეყანაში მცხოვრებ ყველა რუსთმადიდებლს გვერდზე დაიყენებ და განსხვავებული სამკლაურის გამო შენს თანატოლ გოგონას აქციიდან კინწისკვრით გააგდებინებ, უსამართლობაზე რომ ჩივიხარ და სამართლის მაძიებელ დაჩაგრულ, შვილმკვდარ მამას ხელს კრავ პოლიტიკური სიმპათიის გამო, მხარდასაჭერად მოსულ მუსლიმ ახალგაზრდებს რომ შარს აუტეხავ, დააჭერინებ და მერე, ერთხელ აღარ მოსთხოვ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ, თან ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მოიხსნი და იტყვი, მე ასე არ ვფიქრობო, აღარ გენდობა მართლა ბევრის მნახველი ხალხი და აღარ უნდა გაბრაზდე - „დედაქალაქმა არ მიგვიღო", „დედაქალაქი შევაწუხეთო".

დედაქალაქში ცხოვრება პრივილეგია არ არის, დედაქალაქში ცხოვრება განსხვავებულთან თანაცხოვრების პასუხისმგებლობაა.

რიონის საპროტესტო მოქცევამ და მიქცევამ 26 მაისს მტკვრის ნაპირზე დატოვა იმედი, რომ თავისუფლება ამ ქვეყანაში მაინც მთავარი ღირებულებაა და რომ მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი გაერთიანება.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა