სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარედგინა
სალომე ზურაბიშვილი - „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია
თინა ბოკუჩავა - მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო რომელ პარტიას გააუქმებს
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მოწოდებაა აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსადმი, დაასანქცირონ ქართული ბანკები, როგორც დიქტატურის ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკის თანამონაწილეები
შალვა პაპუაშვილი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გახარიას პარტიის წინააღმდეგ სარჩელის შეუტანლობის მიზეზი მათი საპარლამენტი საქმიანობაა
შალვა პაპუაშვილი - „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“ მათი სიდიდით, სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ - მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება

ლევან ვასაძე პოლიტიკაში - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე აქვს საკუთარი პოლიტიკური პარტია

07.05.2021 ნახვები: 1158

ათწლეულების განმავლობაში, პოლიტიკურ ველზე ქართული ეკლესიისა და პატრიარქის რეიტინგების ზომვამ ლოგიკური შედეგი გამოიღო და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე აქვს საკუთარი პოლიტიკური პარტია, გამზადებული ელექტორატით და აკუმულირებული საპროსტესტო ენერგიით.

ლევან ვასაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე ღიად ერთვება პოლიტიკურ, უფრო სწორად, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში და როგორც ჩანს, ეს ძალაუფლებისათვის 30-წლიანი ომის ფინალური აქტი იქნება.

როგორც წესი, ბოდბელი ეპისკოპოსის პირით ცხადდება ხოლმე ყოველი დაფარული და აკი, გვითხრა რამდენიმე თვის წინ, უფრო სწორად, უთხრა მეუფე იაკობმა სრულიად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს: „თქვენ არაფრის თავი გაქვთ, ჩვენ გაჩვენებთ, ხალხი ვის გვერდით დადგება"... კვლავ არავინ მიიღო სერიოზულად ბოდბელის განცხადება, თითქოს არ ვიცოდით, მეფის კარზე სიმართლის თქმის უფლება ვის ჰქონდათ.

ვის გვერდით დგას დღეს ხალხი? - რიონისხეობელი მშვენიერი ახალგაზრდა ქართველი კაცის, ვარლამ გოლეთიანის, რომელიც 200 დღეა ქართული მიწის „გაყიდვის" წინააღმდეგ იბრძვის.

კიდევ, სად დგას ხალხი? - „გაყიდული" დავით გარეჯის დასაბრუნებლად.

ვინ გვეცილება რიონის ხეობას ? - „თურქები!" ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხია, თუმცა რუსული პასუხი, რადგან „ენკა" ნორვეგიულ-თურქული კომპანიაა.

ვინ გვეცილება დავით გარეჯს? - „აზერბაიჯანი!" ესეც ერთმნიშვნელოვანი პასუხია, თუმცა რუსული პასუხი, რადგან იქ საზღვარი აზერბაიჯანს არ გაუვლია, სხვათა შორის, ქართველმა გაავლო, რომელის მიმართაც სენტიმენტები იმათ, ვინც დღენიადაგნ გვამადლის სულიერებას და პატრიოტიოზმს, ჯერაც აქვთ!

სად არის ამ დროს ეკლესია? - ყველგან, სადაც ქართულ მიწას იცავენ. ვის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯან-საქრთველოს სტრატეგიული კავშირის დარღვევა, განსაკუთრებით, ყარაბაღის მეორე კონფლიქტის სტატუს ქვოს შემდეგ? ცხადია, - რუსეთის.

მერე, რა, რომ რუსეთმა ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი მიწის 20 პროცენტი საერთოდ უკაპიკოდ წაიღო და, პირიქით, ათასობით ქართველის სისხლით გადაგვახდევინა საფასური ჩვენი თავისუფლებისათვის. როგორ საჭირო და სავალდებულოც კი იყო „200 დღე კარვებში პროტესტი" - საზღვრისპირა რეგიონებში, ჩვენი ტერიტორიებიდან გატაცებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, მტრისთვის ყასიდად მაინც რომ გვეჩვენებინა, რომ მათი ბედი გვაწუხებს. წერილებს კი ხშირად ვუგზავნიდით რუსეთის ბრძენ მართველს. ეგ იყო ოღონდ, რომ პასუხის ღირსად არასოდეს ჩაუთვლია ჩვენი ეკლესია!

საქართველოში ერთი საპროტესო აქციაც არ შენარჩუნებულა ისე ხანგრძლივად, როგორც ნამახვანჰესის საწინაამდეგო პროტესტი. ეს არის პროტესტი თავისი დინამიკით, რიტმით, დრამატურგიით, ძალიან საინტერესო პერსონაჟებითა და ძალიან მზარდი ენერგეტიკული მუხტით. სრულიად წარმოუდგენელია, რომ სპონტანურად შეკრებილ, გამოუცდელ ადამიანებს, მათი გულწრფელობის მიუხედავად, ეს მოეხერხებინათ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროტესტის უკან ძალიან სერიოზული ორგანიზებული ძალა იდგა.

რიონის ხეობის მცველებმა რამდენჯერმე დაანონსეს აქციის თბილისში გადმოტანა, მაგრამ გადადეს არცთუ ცხადი დასაბუთების საფუძველზე.

ამჯერად აქცია თბილისში 23 მაისს არის დაანონსებული. ბუნებრივია, რომ 23-ში, დედაქალქში პროტესტის მართვის სადავეები ნამახვანელი ვარლამიდან უკვე რაინდ ვასაძის ხელში გადავა და ეს პროტესტი უკან, რიონის ხეობაში აღარ დაბრუნდება.

საკმაოდ საინტერესო იყო ლევან ვასაძის 6 მაისის განცხადება, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლისათვის ბოლო წვეთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლითაც ევროპამ თავისუფლება წაგვართვა. უფრო ცხადად დალაგებული ფაზლი იშვიათია პოლიტიკაში. რამდენი რამის დაბრუნებისთვის უნდა იბრძოლოს რაინდმა პოლიტიკოსმა?! - თურქებისგან რიონის ხეობის, აზერბაიჯანელებისგან დავით გარეჯის სიწმინდეების, ევროპისგან მიტაცებული თავისუფლების, ამერიკელებისაგან წართმეული ქართველობის და ოჯახის სიწმინდის, ანუ გარე მტრები გარკვეულია, მაგრამ კომბლები მათთვისაც გამოთლილია და ჭერში აწყვია, ვინც რიონის ხეობა „გაყიდა", ვინც გარეჯი „გაყიდა", ვისაც თავის ქვეყანაში ჯაღმაიძის საშვის გარეშე გადაადგილება უნდა, ვისაც „ჰარი პოტერის" წაკითხვა უნდა და, უბრალოდ, ეროტიკული ფილმის ნახვის შემდეგ, კინოდარბაზიდან ჩაფხუტის გარეშე გამოსვლა ურჩევნია.

ახლა, ძნელი სათქმელია, ფინალური აქტის შემდეგ ფარდა რომ დაეშვება, ვინ გამოვა სცენაზე აპლოდისმენტების მისაღებად, მაგრამ გული კი მწყდება - ჩვენს ეკლესიას ისე დაუდგა საქმე, რომ „აცა-ბაცა" კაცების და კომბლიანი რაინდების იმედად მიდის წინასაწარ წაგებულ ომში.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა