„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, დასავლურმა ქვეყნებმა „ქართული ოცნების“, ჯამში, 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 141-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო/ სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასანქცირებულთა შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის 4 წევრი, „ქართული ოცნების“ 52 მაღალჩინოსანი, 47 მოსამართლე, 17 პროკურორი და 14 პოლიციელი.
„დემოკრატიული ქვეყნები ამ პირებს მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, საქართველოში რუსული ინტერესების გატარების, არჩევნების გაყალბების, კორუფციის, პროპაგანდის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ. 2024 წლის გაზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა, რაც 200-ზე მეტ პირს შეეხო. შეერთებულმა შტატებმა 110-ზე მეტ პირს დაუწესა ვიზაზე შეზღუდვები, მათ შორის: პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს. ამ პირთა ზუსტი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო. თუმცა, თითოეული ამ პირისთვის შეზღუდვა ასევე ვრცელდება მათ ოჯახის წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირების რეალური რაოდენობა მთლიანობაში რამდენიმე ასეულია. გერმანიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე“. ამ პირთა ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 9 პირის ვინაობის შესახებ. ლატვიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 84 მოქალაქეს. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა. პოლონეთმა – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
2025 წლის 27 იანვარს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. 2025 წლის ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურეს, რომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე შეჩერებული იყო ევროკავშირის 11 წევრი სახელმწიფოს მიერ: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია. 2025 წლის სექტემბერში სიას ჩეხეთიც დაემატა. სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო სულ მცირე 1000 ქართველ თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ თანამდებობის პირს ეკუთვნის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები (700-მდე) და რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს გამოყოფილი კვოტები ასეთი პასპორტების გასაცემად საკუთარ თანამშრომლებზე (200-მდე); ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება დიპლომატიური პასპორტები საგამონაკლისო წესით გასცეს ნებისმიერ პირზე.
ამასთან, 2025 წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც არ ცნობს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები და დანიშნოს ახალი არჩევნები. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუყინოს აქტივები და პერსონალურად დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურების გარემოცვა და პროპაგანდისტები. მთლიანობაში, ევროპარლამენტის რეზოლუცია 31 ადამიანის დასანქცირებას ითხოვს.
დასავლური ქვეყნები აგრძელებენ სასანქციო პოლიტიკას „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმის საპასუხოდ. სექტემბერში სანქციები გამოცხადდა დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის მიერ. დიდმა ბრიტანეთმა „უკრაინაში პუტინის ომის მხარდამჭერი“ 2 პირი დაასანქცირა: ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ჩეხეთმა რეპრესიებში ჩართულობის გამო ფინანსური სანქციები დაადო 5 პირს: შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, მოსამართლეებს: კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია