გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული რეგიონის მასშტაბით დამანგრეველი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხის გამო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს დიდი სამხედრო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის მრავალ ფრონტზე“,- წერს გუტერეში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. მეტი სისხლისღვრა თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებს შარლ მიშელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონული უსაფრთხოებას“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის საკითხზე თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.
„მე ახლახან შევხვდი ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა გამეგო ირანის თავდასხმების შესახებ ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ არის რკინისებური“, – წერს ბაიდენი.
მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებაშია ნათქვამი.
სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ბრიტანეთის რეგიონული პარტნიორების, მათ შორის იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას.
„ირანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აპირებს ქაოსის დათესვას საკუთარ ეზოში. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების, მათ შორის იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას. მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ სიტუაციის სტაბილიზაციისა და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. არავის სურს მეტი სისხლისღვრის ხილვა“, – ნათქვამია სუნაკის განცხადებაში.
„აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“,- აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ეს მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.
„ირანმა უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ესროლა ისრაელს. ჩვენ ვგმობთ მიმდინარე თავდასხმას უმკაცრესად, რაც მთელ რეგიონს ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის. ირანმა და მისმა მარიონეტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ეს. ისრაელს სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ”,- წერს ბერბოკი.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ