საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს

30.03.2024 ნახვები: 542

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამი მენეჯერიდან ორი ბრალდებას აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „112“-ის ჰოსპიტალიზაციის ყოფილი ორი მენეჯერის ადვოკატი, დავით კუტალაძე აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ჯერ კიდევ 8 თვის წინ გამოიკითხნენ, გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს და ბრალსაც აღიარებენ.

„8 თვის წინ არიან გამოკითხული, იმ დროიდან მათ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, ისინი იმ დროიდან მაქსიმალურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიებაც და ბრალდების შესახებ დადგენილებაც მეტწილად მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება. დღეის მოცემულობით, ისინი ბრალდებას აღიარებენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ გვქონდეს და საკუთარი აზრი არ გაგვაჩნდეს. როცა ბრალდება ამბობს, ბრალდებულები კოდებს ამატებდნენ იმისთვის, რომ პაციენტები „ევექსის“ კლინიკაში მოხვედრილიყვნენო, ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ამ პაციენტების, კოდების იდენტიფიცირება მოხდეს, ანუ რომელ პაციენტთან რა გააკეთეს, მნიშვნელოვანი გარემოებაა, სიმართლის დასადგენად.

პროკურატურა გვედავება, ეს პირები საჯარო მოხელეებთან გათანაბრებულები არიანო, სწორედ ამ საფუძვლით წარუდგინეს მათ ქრთამის ბრალდება. ამ შეფასებებთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა კუტალაძემ.

რაც შეეხება 112-ის კიდევ ერთ მენეჯერს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც თვეების წინ გამოიკითხა.

„არჩეული აქვს დუმილის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, არ ეთანხმება იმ პოზიციას, თითქოს, ზეგავლენის მოხდენა შეეძლო ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც პაციენტებს ანაწილებდა შესაბამის კლინიკებში. ასეთი რამის განხორციელება მას არც ტექნიკურად შეეძლო და არც შესაბამისი ჩარევის საშუალება ჰქონდა. ჩვენი აზრით, ეს ბრალდებას საფუძველს აცლის, რადგან ყველაფერი ამაზეა აგებული, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პაციენტების გადამისამართებას კერძო კლინიკების სასარგებლოდ ახორციელებდა“, - აცხადებს ყავლაშვილი.

რაც შეეხება „ევექსის“ ორი წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც ქრთამის მიცემისთვის არიან დაკავებულები, უცნობია.

ხუთივე დაკავებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.

პროკურატურა ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვა კი, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 - 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან „112“-ის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან - 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა