„ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს, ის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ის კონკრეტული წარმომადგენლობა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ პარტნიორებთან მუშაობს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და ჩვენ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას ვაპირებთ. მათ შორის, იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხსაც დავაყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები და საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს.
ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გამო კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს.
თქვენ იცით, რომ საქართველოს მასშტაბით 50 ახალი ოფისი გაიხსნა და სოფლების დონეზეც კი ვეცდებით მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, აქტიურობა შეეძლებათ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის თქმით, დღევანდელი საზოგადოების სირცხვილია ის, რომ „ევროპის მთავარი მედროშე“, მიხეილ სააკაშვილი პუტინის რეჟიმის პატიმარია.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა პოლიტიკური პარტიები უნდა დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„სიმბოლურია, რომ პარტიის პირველი არჩევითი პოლიტსაბჭოს სხდომა მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში იმართება. დღევანდელი საზოგადოების, ქართველი ხალხის სირცხვილია, რომ ევროპის მთავარი მედროშე, ადამიანი, რომელმაც გზა გაუკვალა საქართველოს ევროპაში, პუტინის რეჟიმის პატიმარია. უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები, რათა საზოგადოებას პროტესტი და ასევე, სხვა პოლიტიკური პარტიები დავარწმუნოთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ერთიანობა მნიშვნელოვანია. მთელი ეს ზაფხული იქნება განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმი იმისათვის, რომ საზოგადოების მობილიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ