ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

დემნა გვასალია - კვლავ ბრწყინვალე, აკადემიური და პროვოკაციული

ნახვები: 1307 დემნა გვასალია - კვლავ ბრწყინვალე, აკადემიური და პროვოკაციული

ქართველმა დიზაინერმა Balenciaga-ს სახლს 53 წლის შემდეგ მაღალი მოდის კონტურები დაუბრუნა.

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის საშიში აჩრდილები ივლისის თვეში დემნა გვასალიამ განახლებული ესთეტიკური მღელვარებით შეცვალა. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მისი ჩვენება იმ მოჩვენებას ჰგავდა, რომელშიც თანამედროვე სამყაროს დაუცველობის, სიჭრელისა და სიშლეგის კოდები 60-იანი წლების ნოსტალგიას ბუნებრივად შეერწყა და გაერითმა.

"რაც დრო გადის უფრო ხშირად ვსაუბრობ ტანსაცმელზე... დიახ, ტანსაცმელის მრავალფეროვნებაზე, ფუნქციაზე და არა უბრალოდ მოდაზე. მივხვდი, რომ სახლში ორი კვირის განმავლობაში პიჟამას ჩაცმის შემდეგ, ნებისმიერი ტანსაცმელი ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჩემზე. ის ბევრ რამეს მასწავლის, პირველ რიგში გაბედულებას და ბედნიერების შეგრძნებას. საბოლოოდ, ეს არის მოდის მიზანიც - ტანსაცმელი გარდაქმნას სიახლისა და ბედნიერების კოდებად. ამაში შედის ყოველდღიურობის ელემენტები: სოციალური გარემო, შფოთვა, ყვავილები, ხმაური, მიჯაჭვულობა ციფრულ სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ"...

დემნა გვასალია ამ ჩვეული, მოხდენილი და ოდნავ ირონიული ტექსტით ეხმიანება პარიზის მოდის კვირეულს, რომელიც მოდის სამყაროში დაახლოებით ისეთივე მოვლენააა, როგორც კანის კინოფესტივალი მსოფლიოს კინემატოგრაფიულ კონტექსტში. თუმცა მთავარი მაინც მისი კოლექციის ჩვენება იყო, რომელიც კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ პირველად მოეწყო Haute Couture -ის (მაღალი მოდა) ფარგლებში.

დემნა გვასალიას ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან. შესაძლოა, ეს ბალენსიაგას ბრენდის გამოცოცხლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მცდელობაა, რომელსაც დემნა გვასალიამ ახალი სიცოცხლე შთაბერა. ფაქტია, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია (უფრო ზუსტად 53 წელია) „მაღალი მოდის" ფარგლებში ბალენსიაგას სალონში არცერთი კოლექციის ჩვენება არ გამართულა! და აი, დემნას კიდევ ერთი საოცარი და მოულოდნელი ტრანსფორმაცია.

თავისი კოლექცია ქართველმა დიზაინერმა სრულ სიჩუმეში წარმოადგინა. 20-ინი წლების სალონების ატმოსფერო მან თანამედროვე ფუტურისტულ, ამორფულ და მკაცრ სილუეტებს შეუხამა, რითაც ყურადღება გაამახვილა არა მარტო სამოსის მრავალფეროვნებაზე, არამედ პერსონებზეც, რომლებიც ამ სამოსს ატარებენ. ისინი შეიძლება დიზაინერის მშფოთვარე სამყაროსა თუ ირონიული ინსპირაციის წყაროდ განვიხილოთ... და რა ეპითეტიც არ უნდა გამოვიყენოთ, უმთავრესი მაინც მისი შლეგური სიახლეებია, რომელშიც მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც ბევრ საინტერესო ელფერებს აღმოაჩენენ.

მაინც ვინ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივ და დეკონსტრუქციულ 21-ე საუკუნეში Haute Couture კლიენტი? ამ უმთავრეს კითხვას დემნა გვასალია ისევ პერსონებს უკავშირებს: "მე საერთოდ არ მომწონს სტანდარტული სილამაზე და მოდელები. დღეს ტანსაცმლის ტარება უმეტესობისთვის ძალიან რთულია, რადგან მოდელებს აქვთ საკუთარი სტილი და დამოკიდებულება. როგორღაც ისეთი პოზა მოირგეს, თითქოს ეს მათ სხეულებში ჩაშენებულია. ხელოვნურობა, სიახლე და ტრადიციის გაელვებები - ეს ისაა, რასაც კულტურა აკეთებს ".

ახალი კოლექციაზე, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი ესწრებოდა (დაახლოებით 60 ადამიანი) დემნა გვასალიამ წარმოადგინა შოუ, რომლის გარემო და ატმოსფერო დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც ბალენსიაგამ დატოვა ისინი 1968 წელს. „მისი სული ამ კედლებშია" - ამბობს ქართველი დიზაინერი, რომლის კოლექცია თითქოს ატარებს კიდეც გაუხრწნელი დროისა და მუდმივი ცვლილებების დამღას.

როგორც ძალიან თამამი, ახლებური აზროვნების, გაბედული და ამავდროულად, მოაზროვნე დიზაინერი, ის ცდილობს გამოიკვლიოს ყოველდღიური გარდერობის შინაარსი - სპორტული სამოსი, ფეხსაცმელი, ქურთუკები, კაპიუშონი, ჩანთები... ეს ყველაფერი აქციოს ყოველდღიურობის და ამავე დროს ფუტურისტული ესთეტიკის სინონიმად. გასული საუკუნის დიზაინერებისგან განსხვავებით, მან არ გამოუცხადა ჯინსის შარვლებს ომი და არც მათთან ჭიდილი აქცია წმინდა ესთეტიკურ კატეგორიად. პირიქით, ტაილანდელი და იაპონიის მომწოდებლების საშუალებით, საუკეთესო ქსოვილის „გასაკეთილშობილებლად" სწორედ ჯინსის ღილაკები და სხვა მასალები გამოიყენა.

ბევრისთვის არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი ახალ კოლექციაში ისაა, რომ გვასალია ბუნებრივად თარგმნის საკუთარ დივერსიული იდეებს normcore glamor- ის ესთეტიკურ ენაზე. ყოველდღიური გარდერობის დანერგვით ის თამამი სოციალური და ურბანული ჩაცმულობის ჟესტებს აცოცხლებს, რაც თავის დროზე პარიზის მოდის სამყაროში სწორედ ახლად დამკვიდრებულმა ბალენსიაგამ შემოიტანა.

სამეჯლისო კაბების, დიდი, ფერადი ხელჩანთების, უზარმაზარი სვიტერებისა და პიჯაკების წყალობით დემნა გვასალიამ, გააცოცხლა ქუჩაში დასწავლილი, უდიერი, საგარდერობო სამყარო და დაინახა ისინი მომავლის ესთეტიკურ-უნისექსუალურ პრიზმაში. ეს შესანიშნავი სიმბიოზი აღმოჩნდა, რადგან გვასალიას მუშაობა ყოველთვის ემყარებოდა ორივე პოლუსის კარგ ცოდნას; ერთგვარ სოციოლოგიურ კავშირებს მაღალ მოდის სამყაროსა და ქუჩის ბუნებრიობას შორის.

როგორც ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა აღნიშნა: „დემნა გვასალიამ შექმნა ახალი არქიტექტურა სხეულის გარშემო და საკუთარი ხელით შემოსა ის სქელი, მდიდრული და ბრწყინვალე ატლასით. დაუმატა მას საბაზრო ხელჩანთები და უბრალო სამოსი, რომელშიც ახალი დროის ნიშანია".

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა