სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ, „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“, 25 ოქტომბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წააგო. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვება სტუდენტურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა საარჩევნო სიამ მოიპოვა.
„ცხადია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა“, – განაცხადა ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში.
ვუჩიჩის მიერ გამოცხადებული წინასწარი მონაცემებით, „სტუდენტური სია“ 250-ადგილიან პარლამენტში 135–140 მანდატს მიიღებს, ხოლო „სერბეთის პროგრესული პარტია“ – 105-ს. ეს მონაცემები საბოლოო ოფიციალურ შედეგებს არ წარმოადგენს.
ვუჩიჩის განცხადების შემდეგ ბელგრადის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დედაქალაქის მთავარ გამზირებზე მოქალაქეები არჩევნების შედეგებს ზეიმობდნენ, ისმოდა ავტომობილების საყვირების ხმა, სტუდენტები კი სკანდირებდნენ: „გამარჯვება!“ და „მორჩა, დამთავრდა!“.
ვუჩიჩი სერბეთის პოლიტიკაში 2014 წლიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. თავდაპირველად ის პრემიერ-მინისტრის, მოგვიანებით კი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში თითქმის ორწლიანი საპროტესტო მოძრაობის შემდეგ დაინიშნა. მასობრივი დემონსტრაციები 2024 წელს, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის კონსტრუქციის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგედიამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებაში ადანაშაულებდნენ.
მიწოდებული ინფორმაციით, 25 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 70 პროცენტს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.