ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნაში ასახული იქნება ავარიასთან დაკავშირებული ტექნიკური გარემოებები და გამოვლენილი ხარვეზები.
„მარეგულირებელი კომისიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე შესწავლა მოიცავს როგორც „ენგურჰესის“, ასევე სხვა გენერაციის ობიექტების მიერ ქსელის წესებთან შესაბამისობის შესწავლას. ამიტომაც დასკვნაში, რომელიც კომისიის მიერ დაიდება, ბევრი საინტერესო საკითხი და დეტალი იქნება მოცემული. ეს ინფორმაცია თავის დროზე გახდება საჯარო. კომისია, რა თქმა უნდა, ყველა, მათ შორის გენერაციის ობიექტებთან დაკავშირებულ ნიუანსებს და ხარვეზებს სწავლობს“, – განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე, ამ ეტაპზე არსებული მასალებით, ელექტროსისტემაში მომხდარი ავარია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია თუ შესაძლო საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, სემეკის თავმჯდომარეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.
„დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და დავიწყებთ განხილვებს“, – აღნიშნა მან.
ნარმანიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო შემცირებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ტარიფის განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ადგილობრივი წარმოების მოცულობასა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებაზე.
„ტარიფის დადგენის პროცესი არის მრავალკომპონენტიანი, სადაც გათვალისწინება ხდება როგორც ადგილობრივი გენერაციის მოცულობის, ასევე იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ღირებულების. მარეგულირებელი კომისია იმპორტირებული ენერგიის მოცულობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების სახით იღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენთვის მოცემულობა და ამას ვითვალისწინებთ. რა იქნება მომავალში, ამას აუცილებლად ვნახავთ“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
შესაბამისად, დავით ნარმანიას ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო შემცირების კონკრეტული ვადა ან პროგნოზი არ დაუსახელებია.
ამ ეტაპზე არც მასშტაბური ენერგოავარიის გამომწვევი მიზეზია ოფიციალურად დადგენილი. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შესწავლის შედეგები კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.