ადვოკატის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება წუხელ მიიყენა. მისი განმარტებით, პატიმარი ამ გზით ცდილობდა შეეჩერებინა ძმის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რომელიც, დაცვის მხარის მტკიცებით, მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანში რამდენიმე სხვა პატიმარი შეასახლეს.
გოგიაშვილის განცხადებით, მათ შორის იყვნენ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“.
„გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა, რადგან ძმის სიცოცხლე გადაერჩინა და არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პატიმრები დააცალკეონ, რადგანაც დაპირისპირებულები არიან. ციხის თანამშრომლებმა ეს ყველაფერი მშვენივრად იციან“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა და სახის ძვლები, აღენიშნება სისხლნაჟღენთებიც.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ მიუხედავად დაზიანებების სიმძიმისა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
„დავით ფეიქრიშვილს ოთხი ნეკნი აქვს მომტვრეული, თავის ქალა, სახის ძვლები ჩამტვრეული და სისხლნაჟღენთები აქვს და გამოძიება არ არის დაწყებული“, – აღნიშნა გოგიაშვილმა.
მისი განცხადებით, დავით ფეიქრიშვილი სამედიცინო დაწესებულება „ვივამედში“ მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მომხდარის შესახებ საჯაროდ მისმა დედამ ისაუბრა.
ადვოკატმა ასევე გააკრიტიკა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ პატიმრის მონახულების გარემოებები.
გოგიაშვილის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ, დაახლოებით 22:00 საათზე შევიდა, თუმცა დავით ფეიქრიშვილი მას ჩაბნელებულ საკანში აჩვენეს.
„პატიმარი აჩვენეს შუქჩამქრალ საკანში. ამიტომ, არ შეამჩნია თუ ვერ შეამჩნია დაზიანებები, ვერ გეტყვით. თვითონ დავით ფეიქრიშვილი დაზიანებებზე სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვერ ეტყოდა, იმიტომ, რომ ორი კაცი იჯდა მასთან ერთად საკანში. ტყვე არის“, – განაცხადა ადვოკატმა.
დაცვის მხარე მოითხოვს, დაპირისპირებული პატიმრები დაუყოვნებლივ განაცალკეონ და უზრუნველყოფილი იყოს ძმები ფეიქრიშვილების უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, დავით და გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილები თბილისში 2026 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალად ძალადობასა და გამოძალვას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, ისინი 15 ოქტომბერს დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ ბრალი.
ამ დროისთვის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პატიმრების დაზიანებების გარემოებებისა და სავარაუდო ძალადობის შესახებ დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. ასევე უცნობია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საგამოძიებო უწყებების ოფიციალური პოზიცია.
წყარო: ტელეკომპანია „ფორმულა“, ადვოკატ პაატა გოგიაშვილის განცხადება.