დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ნახვები: 252 ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რომელმაც დაცვის მხარის მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობისა და საქმის არსებით განხილვაზე გადაცემის საკითხებზე იმსჯელეს.

პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ბრალდების მხარე საქმის არსებით განხილვას მოითხოვდა.

განსხვავებული პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატ ლალი აფციაურის განმარტებით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მსჯავრდებული ვასილ მხეიძის ჩვენებებს ეფუძნება, რომლებიც, მისი შეფასებით, ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი არ არის.

ადვოკატის განცხადებით, ბურჭულაძის ჩვენება ზედაპირულია და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის გარემოებების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ჩვენებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ვითარებაში და რა ფორმით მოხდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის თანხის სავარაუდო გადაცემა.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ჩვენება, რომელიც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ასახავს, სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველი ვერ გახდება.

აფციაურმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა ვასილ მხეიძის ჩვენების მტკიცებულებითი ღირებულება. მისი განმარტებით, მხეიძე თანხის სავარაუდო გადაცემას პირადად არ შესწრებია, შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბი ხასიათისაა.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ბურჭულაძე და მხეიძე ნათესავები არიან და, დაცვის მხარის მტკიცებით, ორივემ სამართლებრივი შეღავათები მიიღო.

„ორივე მათგანმა მიიღო შეღავათები და, შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“, – განაცხადა აფციაურმა.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ საქმის წარმოება არ შეწყვიტა და ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად გადასცა სასამართლოს.

პროკურატურის ვერსიით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით 1 500 000 ლარი მიიღო, საიდანაც 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ნაღდი ფულის სახით გადასცა, ხოლო დარჩენილი 750 000 ლარი თავად დაიტოვა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. საქმე ეხება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

ქრთამის აღების ბრალდებაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. საქმის არსებით განხილვაზე გადაცემა ბრალეულობის დადგენას არ ნიშნავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა