საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამ პოსტს უკავშირდება, რომელთა გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
ვახო სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ჟურნალისტის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო სამართლებრივი დევნა აბსურდულია. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
22 ივლისს ჟურნალისტი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მაშინ სასამართლომ მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
ამჯერად სანაიასთვის შეფარდებული 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს უკავშირდება.
ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი სამი პოსტი გახდა ახალი ადმინისტრაციული საქმის საფუძველი და როდის მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.