„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, — ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძის უფლებამოსილების შეწყვეტას წინ უძღოდა მისი შუამდგომლობა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მანანა კობახიძემ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში კობახიძემ მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადება წარადგინა.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითგანრიდების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ ინფორმაციაში უფლებამოსილების შეწყვეტის დამატებითი მიზეზები მითითებული არ არის.
მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის 8 თებერვალს აირჩია. მისი უფლებამოსილების კანონით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა 2027 წლის თებერვალში იწურებოდა.
შესაბამისად, კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე დატოვა.