4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის

ნახვები: 203 თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ „გრანტების შესახებ“ კანონში 2026 წლის მარტში შეტანილი ცვლილებები მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს არაპროპორციულად ზღუდავს და სამოქალაქო თუ პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობას საფრთხეს უქმნის.

ონიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა გრანტის განმარტება და ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორზე კონტროლის დამატებითი მექანიზმები მიანიჭა.

„2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში და ამასთან კავშირში სხვა კანონებში, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, შეტანილი ცვლილებები იყო დამანგრეველი ეფექტის მქონე. მათ მომეტებულად და გამიზნული ბუნდოვანებით გააფართოეს გრანტის დეფინიცია და ე.წ. არაავტორიზებული გრანტები სისხლისსამართლებრივ დასჯადობას დაუქვემდებარეს. ეს მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში კონტროლის კიდევ ერთი მძლავრი იარაღის შექმნას“, — წერს ონიანი.

საიას თავმჯდომარე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ვენეციის კომისიის დასკვნის 83-ე პარაგრაფზე, რომელშიც შეფასებულია საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი და მათი გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე.

ონიანის განმარტებით, კომისია არ იზიარებს ხელისუფლების არგუმენტს, რომ აღნიშნული კანონმდებლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისგან დაცვას ემსახურება.

„ამ ცვლილებებს არ აქვს ლეგიტიმური მიზანი. ვენეციის კომისია ამბობს, რომ კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვასა და გაძლიერებას უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან“, — აცხადებს ონიანი.

მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების რეალური დანიშნულება ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების განხორციელება და სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციურ ჯგუფებზე კონტროლის გაძლიერებაა.

„სინამდვილეში, ამ ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის შეიარაღებაა პოლიტიკური დღის წესრიგით გაცხადებული მიზნების მისაღწევად. კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის ჯგუფებზე მომეტებული კონტროლის დამყარება“, — წერს საიას თავმჯდომარე.

ონიანი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, მიღებული კანონმდებლობა არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

მისივე თქმით, კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გათვალისწინებულია 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლივი და სისტემური გავლენა.

„აღნიშნული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წყობილება და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის რისკს ქმნის“, — აღნიშნავს თამარ ონიანი.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

კომისიის შეფასებით, ახალი რეგულაციები აფართოებს სახელმწიფო კონტროლის შესაძლებლობებს, შეიცავს ბუნდოვან სამართლებრივ განმარტებებს და სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენებით ქმნის სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვის საფრთხეს.

ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ნორმების გადახედვისა და კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა