თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება
ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს

ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს

ნახვები: 236 ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არ ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური სისტემის უცხოური გავლენისგან დაცვას. პირიქით, კომისია მიიჩნევს, რომ ისინი არაპროპორციულად ზღუდავს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, აძლიერებს ხელისუფლების კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობას.

ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მათთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელებულ ცვლილებებს ეხება.

დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის მოთხოვნით მომზადდა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2025 წელს საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდველი საკანონმდებლო აქტების გაუქმებისა და სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. თუმცა, კომისიის შეფასებით, 2026 წლის მარტში მიღებულმა ცვლილებებმა არსებული პრობლემები არათუ აღმოფხვრა, არამედ კიდევ უფრო გაამწვავა.

„წინა მოსაზრებებში გამოვლენილი შეშფოთების მოგვარების ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო აძლიერებენ სამთავრობო კონტროლს, აფართოებენ შეზღუდვების ფარგლებს და აძლიერებენ საკანონმდებლო ჩარჩოს მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების გზით“, — აღნიშნულია დასკვნაში.

კომისიის განმარტებით, ახალი რეგულაციები ქმნის გარემოს, რომელშიც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შესაძლოა კანონიერ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაზე უარის თქმა მოუწიოთ სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოძიებისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის გამო.

ვენეციის კომისია განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევს „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას.

კომისია მკაცრად რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ამგვარი სანქციების გამოყენებას და შესაბამისი დარღვევები, სათანადო სამართლებრივი გარანტიების დაცვით, ადმინისტრაციული წესით დაარეგულიროს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შენარჩუნებას გადაწყვეტს, კომისიის შეფასებით, ის მხოლოდ მკაცრად აუცილებელ და პროპორციულ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს, ხოლო დასჯადი ქმედებები და სანქციები კანონში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.

დასკვნაში ცალკე ყურადღება ეთმობა კანონმდებლობაში გამოყენებულ ბუნდოვან და ფართო სამართლებრივ ცნებებს. მათ შორის დასახელებულია „გრანტი“, „საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ და „სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება“.

კომისიის შეფასებით, ასეთი ფორმულირებები არ უზრუნველყოფს სამართლებრივ განსაზღვრულობასა და განჭვრეტადობას, რადგან მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს არ აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაადგინონ, რა საქმიანობა შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას ან სანქციას.

ამასთან, ბუნდოვანი ნორმები ხელისუფლების ორგანოებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ვენეციის კომისია აკრიტიკებს საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცედურასაც და ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მნიშვნელობის კანონები ფართო საზოგადოებრივი განხილვისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის საფუძველზე უნდა მომზადდეს.

მისი რეკომენდაციით, დაჩქარებული საკანონმდებლო პროცედურები გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს და არა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რეგულაციების მიღების ჩვეულებრივ პრაქტიკად.

დასკვნის ერთ-ერთი მთავარი შეფასება შეეხება ახალი კანონმდებლობის გავლენას საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე.

„ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების შეფასებისას გასათვალისწინებელია მათი ერთობლივი გავლენა სხვა საკანონმდებლო შეზღუდვებთან, მათ შორის 2025 წლის 16 ოქტომბერს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან.

მისი შეფასებით, აღნიშნული სამართლებრივი ჩარჩო ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს.

„საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წყობისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვის ნაცვლად, განსახილველი კანონმდებლობა მათ საფუძვლიანად შერყევის საფრთხეს ქმნის“, — აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ამასთან, კომისია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის კვლავ მზად არის და საჭიროების შემთხვევაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დამატებით სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა