უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
ზელენსკის ინფორმაციით, კიევში სარკინიგზო დეპოზე დარტყმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის თავდასხმების სამიზნე ასევე გახდა ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქები.
„საერთო ჯამში, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქე, ხოლო ათობით ადამიანი დაშავდა“, — წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი დარტყმებს მიზანმიმართულად გეგმავს ისე, რომ ადამიანების სიცოცხლეს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს.
„რუსეთი ყოველთვის სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი განადგურება გამოიწვიოს ადამიანების სიცოცხლისთვის და ეს მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როდესაც საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები არასაკმარისია“, — აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას PURL-ის მექანიზმისა და ორმხრივი მიწოდებების გზით ანტიბალისტიკური თავდაცვის საშუალებებით ეხმარებიან. ზელენსკის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე ამგვარი დახმარების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„რუსული ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია დახმარების ყოველ ახალ პაკეტზე“, — წერს უკრაინის პრეზიდენტი.