აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად ახალ მეორად სანქციებს, სავარაუდოდ, ყოველკვირეულად გამოაცხადებს. ამის შესახებ ბესენტმა Reuters-ს განუცხადა.
მისი თქმით, სანქციების ახალი ეტაპი თავდაპირველად იმ ბანკებზე იქნება ორიენტირებული, რომლებიც ირანთან ფინანსურ კავშირებს ინარჩუნებენ.
პარასკევს აშშ-მა ეგვიპტის Banque Misr-ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ფილიალებს ირანთან სავარაუდო ფინანსური კავშირების გამო სანქციები დაუწესა. ბესენტის განცხადებით, შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტების დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემიდან სრულად გამოთიშვა გახდეს.
„ყოველკვირეულად კიდევ უფრო მეტ ასეთ შემთხვევას ნახავთ. ვიწყებთ ბანკებით და ვეუბნებით ბანკებს, რომ ირანული ფულის ქონა და რეჟიმის დახმარება მიუღებელია“, — განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ხაზინის მდივნის თქმით, იგი „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ირანთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტონ.
ბესენტის განცხადებით, იმ ქვეყნებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობებს გააგრძელებენ, აშშ მეორადი სანქციების გამოყენებას გეგმავს.