საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა“ მიმდინარეობს და სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან გავრცელდა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესისთვის თავი აერიდებინა, თუმცა, მისივე შეფასებით, „სასტიკი რეალობის წინაშე“ აღმოჩნდა.
„გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე“, — წერს ღარიბაშვილი.
მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს პოლიტიკური ხასიათი აქვს და ამიტომ სასამართლო სხდომებზე დასწრებას აღარ აპირებს. სასამართლოში მის ინტერესებს მხოლოდ ადვოკატები დაიცავენ.
„ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას“, — აცხადებს ყოფილი პრემიერი.
ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება არც პროკურორებისა და არც მოსამართლეების შეურაცხყოფას არ ემსახურება. მისი თქმით, სასამართლოში სიარულს აზრი არ აქვს, რადგან დარწმუნებულია, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
„მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ“, — წერს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამიერიდან საზოგადოებას საჯაროდ მიაწვდის საკუთარ ვერსიას მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!“ — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.