საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება — სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება — წარუდგინა. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის ვერსიით, საქმე ეხება 2022-2024 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს.
უწყების განცხადებით, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით 12 აგვისტოს პროკურატურას მიმართა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ. გამოძიებასთან ითანამშრომლა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
პროკურატურის ვერსიით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურის შესყიდვისას შეიქმნა არაკონკურენტული გარემო, რათა კონკრეტულ ბიზნესმენთან დაკავშირებულ კომპანიებს სასურველი ფასით გაემარჯვათ. სანაცვლოდ, ბიზნესმენს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10%-ის გადახდა მოსთხოვეს.
გამოძიების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა მაღალი თანამდებობის პირებისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ შესყიდვები იმგვარად განხორციელდებოდა, რაც შერჩეულ კომპანიებს გამარჯვებას უზრუნველყოფდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა ბურჭულაძეს „სრული სამსახურებრივი მფარველობა“ გაუწია და სანაცვლოდ მატერიალური სარგებლის მიღებაც მოითხოვა.
უწყების ცნობით, სამი საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს. პროკურატურა სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს 6 985 255 ლარად აფასებს.
გამოძიების ვერსიით, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს რამდენიმე ეტაპად 1 900 000 ლარი გადასცა. აქედან მხეიძემ 400 000 ლარი დაიტოვა, ხოლო 1 500 000 ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს გადასცა. პროკურატურის მტკიცებით, ბურჭულაძემ თანხის ნახევარი — 750 000 ლარი — თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმესთან დაკავშირებული სხვა ყოფილი თანამდებობის პირები უკვე მსჯავრდებულები არიან. მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
პროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს, რადგან ყოფილი პრემიერი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე უკვე იხდის სასჯელს.