კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა

გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?

22.06.2026 ნახვები: 414

ლევან ხაბეიშვილის მიერ შეთავაზებული „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ ერთი შეხედვით კონსენსუსის ძიების მცდელობას ჰგავს, თუმცა ტექსტის შინაარსობრივი ანალიზი აჩენს კითხვას: რეალურად ვისთან და რის გარშემო უნდა შედგეს ეს თანხმობა?
პირველი და ალბათ ყველაზე თვალშისაცემი გარემოება ის არის, რომ პირველ პუნქტად ერთსქესიანთა ქორწინების საკითხია გამოტანილი. ეს თავისთავად უცნაური არჩევანია, რადგან თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგისთვის ეს თემა აქტუალური საერთოდ არ არის. არც საზოგადოებრივი დებატების ცენტრში დგას და არც რაიმე რეალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტას მოითხოვს.
უფრო მეტიც, თავად ქორწინების ინსტიტუტის არსი საქართველოში დიდი ხანია ემოციური და რელიგიური წარმოდგენების მიღმა აღარ განიხილება. თანამედროვე სახელმწიფოში ქორწინება, უპირველესად, ქონებრივი, მემკვიდრეობითი, სოციალური და სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ინსტრუმენტია. ამ ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ქორწინების გარეშეც შეიძლება დარეგულირდეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იწყება ეროვნული თანხმობის პროექტი სწორედ იმ საკითხით, რომელიც არც საზოგადოების მთავარი გამოწვევაა და არც ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი. რაც აქ შეგვიძლია ამოვიკითხოთ არის - ლგბტქ თემასთან დაპირისპირება, თითქოს, ამას თავად ისინი რომ ვერ მიხვდებიან, ტექსტის მიხედვით.
მეორე პუნქტი კიდევ უფრო სერიოზულ კითხვებს აჩენს. ტექსტში პრაქტიკულად სრულად იგნორირებულია სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი. საუბარია ეკლესიის ფინანსურ მხარდაჭერაზე, სასულიერო აკადემიების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურულ უზრუნველყოფაზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში.
საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება, როდესაც ეკლესიის დაფინანსებისა და პრივილეგირებული მდგომარეობის საკითხები საზოგადოების ნაწილისთვის პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია კითხვა: რატომ უნდა იყოს სასულიერო სასწავლებლების გაძლიერება სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება?
მით უმეტეს, როდესაც ამ სასწავლებლების სასწავლო პროგრამები, სტანდარტები, აკადემიური ხარისხი და შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკულად დახურულია. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რას ასწავლის სახელმწიფო მხარდაჭერით დაფინანსებული ინსტიტუცია. ტექსტის ამ
ნაწილში რაც იკითხება არის - ადრე ერთი მოგეცით და ახლა სამ ჯიპს მოგცემთ.
კიდევ უფრო თვალშისაცემია ის, რომ ტექსტში საერთოდ არ ჩანს რუსული გავლენის საკითხი ეკლესიაში. ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გაჩნდა კითხვები რუსულ ეკლესიურ, იდეოლოგიურ და პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, თუმცა ეს თემა მთლიანად გამოტოვებულია. შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ შემოთავაზებული მოდელი სინამდვილეში არა ახალი ხედვა, არამედ ძველი ფორმულის დაბრუნებაა — მხოლოდ უფრო კეთილგანწყობილი შეფუთვით.
მესამე და მეოთხე პუნქტები მიგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობას ეხება, თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი პრობლემა ბუნდოვანებაა.
როდესაც საუბარია „უკონტროლო მიგრაციის“ შეჩერებაზე, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ეხება თუ არა ეს ვიზების სისტემას? ბინადრობის ნებართვებს? დასაქმების კვოტებს? საკუთრების შეძენის შეზღუდვებს?
იგივე პრობლემა გვაქვს რუსეთთან მიმართებით. ტექსტი საუბრობს „რაციონალურ და სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე“, მაგრამ არ განმარტავს, რას გულისხმობს ეს.
რუსეთი 2008 წლიდან ღიად აცხადებს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ე.წ. „ახალი რეალობა“. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ პრაგმატიზმზე, აუცილებელია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: რას ნიშნავს ეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?
საქართველოს რუსეთთან მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა ხომ სწორედ ოკუპაციაა. თუ პრაგმატიზმი ამ საკითხის გვერდის ავლას ნიშნავს, მაშინ ეს უკვე სხვა პოლიტიკური არჩევანია. ხოლო თუ ოკუპაციის პირობებში ეროვნული ინტერესების დაცვას გულისხმობს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს კონკრეტულად რა გზებით.
ამავე დროს, სრულიად უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი. არაფერია ნათქვამი საკუთრების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, ადამიანის ღირსებისა და სამართლებრივი გარანტიების შესახებ. არადა, სწორედ ეს პრინციპებია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი.
მეხუთე პუნქტი დემოგრაფიულ კრიზისს ეხება. მართლაც, საქართველო მძიმე დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას: მცირდება შობადობა, იზრდება ემიგრაცია, ბევრი ოჯახი ეკონომიკური სირთულეების გამო ვერ გეგმავს შვილების გაჩენას. ამ პრობლემის აღიარება აუცილებელია.
თუმცა ტექსტი კვლავ შედეგზე საუბრობს და არა მიზეზებზე.
ოჯახების უმრავლესობა საქართველოდან იმიტომ არ მიდის, რომ ოჯახი არ უყვარს, ტრადიციული ღირებულებები დაავიწყდა ან შვილების ყოლა აღარ სურს. ადამიანები მიდიან იმიტომ, რომ ვერ ხედავენ სტაბილურ მომავალს, ღირსეულ ანაზღაურებას, ხარისხიან განათლებას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას.
დემოგრაფიული კრიზისი, პირველ რიგში, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის შედეგია.
ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა იგულისხმება „ფინანსურ წახალისებაში“?
ერთჯერადი დახმარება?
საგადასახადო შეღავათები?
შეღავათიანი იპოთეკა?
ბავშვის აღზრდის ხარჯების ნაწილობრივი დაფარვა?
საბავშვო ბაღებისა და განათლების სისტემის განვითარება?
ტექსტი არც ერთ ამ კითხვას არ პასუხობს.
ამასთანავე, დემოგრაფიული პოლიტიკის დაყვანა მხოლოდ ქორწინებასა და შობადობაზე თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არასაკმარისია. დემოგრაფიის საკითხი უკავშირდება სამუშაო ადგილებს, რეგიონების განვითარებას, ემიგრაციის შემცირებას, ახალგაზრდების პერსპექტივას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და ზოგადად ცხოვრების ხარისხს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები შვილებს მაშინ აჩენენ, როდესაც მომავლის რწმენა აქვთ და არა მაშინ, როდესაც სახელმწიფო მხოლოდ ამისკენ მოუწოდებს.
ამიტომ დემოგრაფიის თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ მის მთავარ მიზეზებზე — სიღარიბეზე, ემიგრაციაზე, დაბალ შემოსავლებზე, სოციალური დაცვის სისუსტეზე და მომავლის მიმართ უნდობლობაზე — დუმილი, პრობლემის მხოლოდ ნახევრის დანახვას ნიშნავს.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა მთლიან კონცეფციაში.
ტექსტი გვთავაზობს, რომ ჯერ შევთანხმდეთ ოჯახზე, ეკლესიაზე, მიგრაციაზე, რუსეთზე, დემოგრაფიულ საკითხზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი ევროპულ ინტეგრაციაზე.
მაგრამ რატომ?
რატომ არ არის პირიქით?
თუ ევროპული ინტეგრაცია მართლაც ისტორიული არჩევანია, მაშინ სწორედ ის უნდა იყოს ის ჩარჩო, რომლის ფარგლებში განიხილება ყველა დანარჩენი საკითხი. ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რომელი სახელმწიფოს აშენება გვინდა და შემდეგ ვისაუბროთ მიგრაციაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, დემოგრაფიაზე, ეკლესიის როლსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
სწორედ ამიტომ ჩნდება მთავარი პოლიტიკური კითხვა: ვისზეა გათვლილი ეს ტექსტი?
ადამიანს, რომლისთვისაც ეს ღირებულებითი სისტემა გადამწყვეტია, უკვე ჰყავს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია.
ხოლო მათ, ვისაც ივანიშვილის პოლიტიკა არ სურთ, რატომ უნდა აირჩიონ იგივე თემებით, იგივე რიტორიკითა და მსგავსი მსოფლმხედველობით შეფუთული ახალი პოლიტიკური პროექტი?
თუ პოლიტიკური ალტერნატივა მხოლოდ სახელისა და გვარის შეცვლას ნიშნავს, მაგრამ არა ხედვის, ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების ცვლილებას, მაშინ საზოგადოება რეალური არჩევანის წინაშე საერთოდ არ დგას.
ამიტომ მთავარი კითხვა, რომელსაც ეს ტექსტი ტოვებს, ასეთია: გვთავაზობს თუ არა იგი ახალ პოლიტიკურ გზას, თუ უბრალოდ იმავე გზის ახალ ვერსიას?
ჩემი მოკრძალებული აზრი, ლევანისადმი პიროვნული პატივიცემის მიუხედავად - აქ ახალს ვერაფერს ვხედავ. "ბარაბა" არ გვინდა და არც "ბარაბას დღის წესრიგია" მისაღები.
 
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა