გრიგოლ გეგელია - ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას"
Tasteit- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ნიკა კაცია - საიდან მოვიდა ნარკოტიკი არათუ ჩემს ჯიბეში, საერთოდ, საქმეში?
მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია
ფრიდრიხ მერცი - თუ პუტინი ზელენსკისთან უპირობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა იქნება საჭირო
სალომე ზურაბიშვილი - პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას - რუსული ტიპის „სამართლიანობა“
საბა სხვიტარიძის ადვოკატი მოსამართლეს - მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, ასევე, ყველა მოწმე ცდილობს, მირიან ქავთარაძის მიმართ ლოიალობა გამოიჩინოს
ალეკო ელისაშვილი - დაუშვებელია ახალი სტადიონის აშენებას მილიარდი ლარი მოხმარდეს

გოჩა მირცხულავა: მილიარდერთა კლუბშიც მიქარული აქვს ივანიშვილს და იმათ თავისი შურისძიების მოტივები ამოძრავებთ

26.08.2025 ნახვები: 501

"კობახიძე-მდინარაძეს შორის ივანიშვილმა შავი კატა გაატარა"

"ფიზიკურ საფრთხესაც ვხედავ ივანიშვილის მიმართ... ფარცხალაძე მიბმულია ფსბ-ეს. შესაბამისად, ფარცხალაძე არ აღმოჩნდეს საბოლოოდ, ის კერკეტი კაკალი, რომელიც ივანიშვილს ყელში გაეჩხირება"

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს? თქვენთვისაც ცნობილია, გასული კვირა რა ცვლილებითაც დასრულდა. შეიცვალა სუს-ის უფროსი. ვისმენთ შეფასებებს, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესების ბრალია. ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა გუნდს და კადრებსაც ხშირად ცვლის. რამდენად იშლება „ოცნება“ შიგნიდან და რა პროცესებს უნდა ველოდოთ?

- პირველ რიგში, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ამ პერიოდში იმყოფება მუდმივი შიშის მდგომარეობაში. ისევე, როგორც გუნდის წევრებს ეშინიათ უამრავი რაღაცის, თავიანთ მომავალთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტად ეშინია, იმიტომ, რომ მან იცის, განვლილი პერიოდში, მის მიერ გაკეთებული არჩევანი, თუნდაც რუსეთის სასარგებლოდ და დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები. ახლა რა პროცესებსაც ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ საქართველოს საზღვარი აბსოლუტურად დაუცველია და გარკვეული საფრთხეები, საქართველოში განხორციელებული ტრანზიტიდან გამომდინარე, რუსეთსაც ექმნება. შესაბამისად, თავად ივანიშვილია ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მას არ ჰყავს პარტნიორი არც რუსეთის სახით, არც დასავლეთის სახით. ისეთი პარტნიორი, რომელსაც დაეყრდნობა. აქ არ არის საუბარი მასზე, როგორც პერსონაზე, არამედ აქ საუბარია მასზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ეთამაშა. ივანიშვილმა დაარღვია ყველა წესი. ეს ეხება პოლიტიკაში თამაშის წესებს. ივანიშვილმა დაარღვია იმ კლუბის წესი, რასაც მილიარდერთა კლუბს ეძახიან და შესაბამისად, იქაც არის ურთიერთობის პარადიგმა და ჩარჩო. ეს წესებიც დაარღვია. შესაბამისად, მას პარტნიორი აღარ ჰყავს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის შიშზეა დამოკიდებული მთელი „ქართული ოცნების“ შიში და ის ყველაფერი, რაც ახლა შიგნით ხდება. ივანიშვილს ეშინია გარედან ყველასი და შესაბამისად, ეშინია გუნდის შიგნითაც კონკრეტული პირები მის წინააღმდეგ განაწყობენ გუნდის წევრებს. გუნდის წევრებს კი მისი ეშინიათ, როდის ვის გადაყლაპავს, არავინ იცის.

- ოხანაშვილი რას შეეწირა, ბაჩიაშვილის საქმეს?

- ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყოდი, კონკრეტულად რას შეეწირა.  უსაფრთხოების სამსახური არის სისტემა, რომელიც გარკვეულწილად ავტოპილოტზე მუშაობს, ვინც არ უნდა იყოს მისი ხელმძღვანელი, იმის მიუხედავად. წარმოგიდგენიათ, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა ოხანაშვილმა და სისტემამ, რომელიც მას ივანიშვილმა არ აპატია. მე ობიექტურზე უფრო მეტად მიმაჩნია, რომ აქ სუბიექტური ფაქტორია. ივანიშვილს მთელი ამ წლების განმავლობაში სუს-ის უფროსად მუდმივად ჰყავდა მისთვის ერთგული პერსონა. ოხანაშვილი კი ვერ აღმოჩნდა ასეთი პერსონა.

- და მდინარაძე ასეთია?

- რა თქმა უნდა, არც მდინარაძეა ასეთი.

- მაშინ რატომ მდინარაძე? რა კრიტერიუმით? კობახიძის გაძლიერებას უფრო ნიშნავს ეს, თუ ივანიშვილის ერთგულ კადრს?

- მე ვფიქრობ, დაბალანსებას უფრო ნიშნავს კობახიძესა და თავად მდინარაძეს შორის. ახლა შავი კატა გაატარა ივანიშვილმა ამ ორ ადამიანს შორის.

- სიტუაციის დაბალანსება ახსენეთ და ვისმენთ შეფასებებს, რომ მდინარაძე კობახიძეს არ ემორჩილება. თქვენ თუ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია?

- ინფორმაციას რომ თავი დავანებოთ და ლოგიკას მივყვეთ, ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, რასაც ჩვენ ვუყურებდით, ამას ცხადად ჰყოფდა. მე ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში, რომ ადრე ქუჩას სხვა აკონტროლებდა და ძალოვან  მიმართულებებს - სხვა. მერე, როგორც „ქართული ოცნების“ ელიტის წარმომადგენლები ამბობდნენ, ეს ყველაფერი კონცენტრირდა და გაერთიანდა მდინარაძის ხელში. მდინარაძე მაინც პოლიტიკური ფიგურა იყო და როგორც ჩანს, მანდაც მოხდა ისეთი შემთხვევები, რომ ვიღაცა ვიღაცას არ დაემორჩილა. ახლა კი სრულად შეტენეს ეს პროცესი მდინარაძეს.

- ასევე ბევრს საუბრობდნენ, რომ რიჟვაძის საკითხიც მას უნდა მოეგვარებინა.…

- კი, ასეა. მდინარაძეც არ არის ამ სიტუაციაში ივანიშვილის ერთგული და ვერც იქნება. მდინარაძეც გარემოების მძევალია. არ წავიდოდა ამ თანამდებობაზე და მისი აჯობებდა. სუს-ის უფროსობა არ არის ადვილი საქმე. ჩვენ ვნახეთ ტენდენცია, როგორ შემოგვაპარეს იგივე პარტიული ოხანაშვილი, თუმცა ის ჯერ იუსტიციის მინისტრი იყო. პირდაპირ პოლიტიკოსი ლიდერის დანიშვნა იმ სამსახურში, რომელიც მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ითავსებს, ეს ძალიან დამაფიქრებელია. წარმოგიდგენიათ, რა სახის ინფორმაციასთან ექნება წვდომა მდინარაძეს?! ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.

- ისედაც ვერ მართავდა კობახიძე მდინარაძესო და ალბათ ახლა საერთოდ აღარ დაემორჩილება?

- ვერ მართავდა არაა, ფუნქციები იყო აბსოლუტურად გაყოფილი. ყველას თავის ფუნქცია აქვს.

- და ყველას ერთად მართავს ივანიშვილი?

- რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხელი და ფეხი აქვს, თავი არის თვითონ და მორჩა. 

- საუბარია, რომ კობახიძესაც შეუყენა წყალი ივანიშვილმა. რამდენად არის ასე?

-  არ ვიცი, მაგრამ ერთ დღესაც მდინარაძემ რომ დაიჭიროს კობახიძე, გაგიკვირდებათ?! მე არ გამიკვირდება. შესაბამისად, გამორიცხული არაფერია. ყველაფერი ამ ერთი კაცის სიზმრებზე და ილუზიებზეა დამოკიდებული.

- ივანიშვილი საკუთარი თავის გადასარჩენად, ყველას რომ გაწირავს, ეს ვიცით. არჩევნებამდე ელოდებით სერიოზულ ცვლილებებს?

- დღეს ივანიშვილისთვის პირადი უსაფრთხოება და პირადი ღირსებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მისი ღირსება, პირველ რიგში, გადის ფულზე და იმ სიმდიდრეზე, რომელიც მას აქვს და რომელსაც კარგავს. თუმცა ვხედავთ, რა ფორმით ხდება ამ ფულის ამოღება. რა თქმა უნდა, ის შიში, რომელიც თავში ვახსენეთ, რეალურად არსებობს. ჯანგველაძის მკვლელობა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი მომენტებია მნიშვნელოვანი. ივანიშვილი ახლა გადამტერებულია ფარცხალაძეზე და რუსეთისგან ითხოვს მის თავს. შესაბამისად, როგორ გამოივაჭრებს ივანიშვილი ფარცხალაძეს, იმისათვის, რომ სამაგალითოდ დასაჯოს, ესეც იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს მასთან და მისცემს თუ არა კიდევ ერთ შანსს.

- დაუთმობს ფარცხალაძის თავს რუსეთი?

- ფარცხალაძის თემა არ არის ასე მარტივი საკითხი. ფარცხალაძე  მიბმულია ფსბ-ეს. შესაბამისად, როდესაც მის თავს ითხოვენ, უნდა იცოდნენ, რომ ფსბ-ეს აქვს თავის წესები, ასე ადვილად არავინ არავის არ იძლევა. შესაბამისად, ფარცხალაძე არ აღმოჩნდეს საბოლოოდ ის კერკეტი კაკალი, რომელიც ივანიშვილს ყელში გაეჩხირება და დაახრჩობს! ამას უკვე პირდაპირ,  ბუკვალურად ვამბობ. მე არ ვიცი, ფსბ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუნდაც აი ამ მოთხოვნის გამო, რასაც ივანიშვილი რუსეთისგან ითხოვს. მე ამაში გაცილებით დიდ საფრთხეს ვხედავ, რასაც არავის არ ვუსურვებ.

- რას გულისხმობთ?

-  ისე არ დადგეს საკითხი, რომ მოდით გავცდეთ საპატრიარქოს ზღაპრებს ციანიდთან დაკავშირებით და ფსბ-ეს სხვა საშუალებებიც აქვს, … ამიტომ ფიზიკურ საფრთხესაც ვხედავ ივანიშვილის მიმართ.

- ფიქრობთ, რომ რუსეთს ივანიშვილი აღარ სჭირდება და მის მოშორებაზე ფიქრობს?

- გარკვეული ცუგცვანგია შექმნილი. დასავლეთი ცალკე ვერ ხედავს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესაძლებელია, ცოტა სერიოზულად შეხედოს. ისევე ვერ ხედავს სერიოზულ პერსონას რუსეთი, რომელსაც შესაძლოა, დაეყრდნოს. კობახიძე კი აწონებს თავს მოსკოვს, რომ მე ვარ ივანიშვილის ჩამნაცვლებელი, მაგრამ კობახიძის შემთხვევაში, რით შეუძლია რუსეთს, რომ ის ჰყავდეს „დაჭერილი“? რუსეთისთვის მთავარი ინდიკაცია, რომ „დაგიჭიროს“, მუდმივად არის ქონება. კობახიძეს ეს არ აქვს.

- ანუ შიში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ივანიშვილთან დაკავშირებით, სულაც არაა უსაფუძვლო?

- რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ დავიწყე საუბარი ამით. ასევე ტყუილად არ მიხსენებია მილიარდერთა კლუბი, სადაც რამდენიმე ნიუანსში იქაც მიქარული აქვს ივანიშვილს და იმათ თავისი შურისძიების მოტივები ამოძრავებთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი თუ ერთმანეთზე დალაგდა, ამ შემთხვევაში, ძალიან ცუდი დღე ელოდება ივანიშვილს. ის ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, უბრალოდ, შესაძლოა, დროში გაიხანგრძლივოს არსებობა, იმ სტატუსით, რა სტატუსიც ახლა აქვს. 

 ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ივანიშვილთან დაკავშირებით და როგორ გაირკვევა და დალაგდება ეს ყველაფერი, ამას ვნახავთ. ხოლო „ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, აქ შიდა განადგურების პროცესი დაწყებულია. მათი შინაგანი გარყვნა პიკზეა ასული. რა გადაარჩენს მათ? არაფერი! ყარან!  

ესაუბრა ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა