„დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას ვუჭერ მხარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ზელენსკი საქმეს დიდად არ ეხმარება. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს, მე კი მსურს, რომ ადამიანები აღარ დაიხოცონ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ზელენსკის შეეძლო რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაცილებით ხელსაყრელი შეთანხმებისთვის მიეღწია.
ტრამპმა ასევე უპასუხა ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საკითხში აშშ-ის პრეზიდენტი „ისტორიის არასწორ მხარეს“ დგას.
„ზელენსკიმ არ იცის, რას ლაპარაკობს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტს ადრე რომ გაეთვალისწინებინა მისი რჩევები, ომის დასრულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეული იქნებოდა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.
„მას ჩემთვის რომ მოესმინა, უკვე დიდი ხნის წინ გაცილებით უკეთეს შეთანხმებას მიაღწევდა და მის მხარეს მილიონობით ადამიანი ცოცხალი იქნებოდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებები ვაშინგტონსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხზე არსებული უთანხმოების ფონზე გაკეთდა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ზელენსკი უკრაინის სახელით მოლაპარაკებებში ან რა ფორმით უნდა მოხდეს ასეთი ცვლილება.
ტრამპის შეფასებები ზელენსკის პოზიციასა და ომის შესაძლო დასრულებაზე მის პოლიტიკურ მოსაზრებებს წარმოადგენს.