ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების წარდგენა დევნილ ოჯახებს ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია აქამდე არ მიუღიათ.
სამინისტროს განმარტებით, ახალი მექანიზმი დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, თავად აირჩიონ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის არსებული პროგრამები ან ფულადი კომპენსაცია.
„ფულადი კომპენსაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად ფინანსური მხარდაჭერა სურთ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
განაცხადის წარსადგენად აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში – დაბადების მოწმობის.
ამასთან, განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი.
განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო გადაამოწმებს, აკმაყოფილებენ თუ არა ოჯახები კომპენსაციის მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
სამინისტროს ცნობით, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპენსაცია განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის განმავლობაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.
2026 წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარია გამოყოფილი.
უწყების ინფორმაციით, პროგრამა 2027 წელსაც გაგრძელდება, თუმცა განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ფულადი კომპენსაციის პროგრამა დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის არსებულ მექანიზმებს არ ჩაანაცვლებს.
პარალელურად გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა.
„ამგვარად, დევნილ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვადასხვა შესაძლებლობა ექნებათ, მათი საჭიროებებისა და არჩევანის შესაბამისად“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.