ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი

ნახვები: 126 ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ უკრაინის კაპიტულაცია მშვიდობის დამყარებას არ ნიშნავს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კიევის მხარდაჭერა აუცილებელია ევროპაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

ამის შესახებ მელონიმ იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პოზიცია უცვლელია – უკრაინის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებად რჩება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის დახმარების საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა პოლიტიკური დებატების მთავარი საგანი არა მშვიდობის აუცილებლობა, არამედ მისი მიღწევის გზებია.

„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა მელონიმ.

მისი შეფასებით, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესს ხელს კი არ უშლის, არამედ რეალური მოლაპარაკებების შესაძლებლობას ქმნის. მელონის თქმით, თუ აგრესორს მოწინააღმდეგის კაპიტულაციის იძულება შეუძლია, მოლაპარაკებების მნიშვნელობა იკარგება.

„ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან აგრესორს თუ შეუძლია, მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? ოღონდ დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მელონიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ წინააღმდეგობის შეწყვეტა არა მშვიდობის დამყარებას, არამედ ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და იმპერიული პოლიტიკის დაბრუნებას გამოიწვევდა.

ამ კონტექსტში მან საბჭოთა კავშირის ისტორიული გამოცდილება გაიხსენა და პარალელი გაავლო პრაღასა და ბუდაპეშტში საბჭოთა სამხედრო ინტერვენციებთან, ასევე ბერლინის კედელთან.

„უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა“, – განაცხადა მან.

იტალიის მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპამ არ უნდა დაუშვას ისეთი პოლიტიკური წესრიგის დაბრუნება, როდესაც სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ხალხების თავისუფლება სამხედრო ძალის გამოყენებით იზღუდებოდა.

„პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას, შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს“, – აღნიშნა მელონიმ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იტალიის ხელისუფლების მიზანი სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა, რადგან, მისი შეფასებით, მხოლოდ ასეთი შეთანხმება უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და გრძელვადიან სტაბილურობას.

„მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევადაც ვმუშაობთ, მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად, სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა მან.

მელონის თქმით, იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის საჭიროებების მიმართ, და მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნებას.

„ამიტომ მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: იტალიის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა