ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირება იმ დროს დაიწყეს, როდესაც „ფედერალისტები“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ოქტომბერ-ნოემბრის სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ.
„18-დან 25-მდე აჭარაში ვართ „ფედერალისტები“, კამპანია გვაქვს — „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოც ბათუმშია, მაგრამ, რასაკვირველია, ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას ჩვენ არ ვაპირებთ. ამ ინიციატივას კონსტიტუციის თავზე გადახევად ვთვლით“, — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის რეალურ მნიშვნელობას არა მისი სამართლებრივი სტატუსი, არამედ საზოგადოებრივი მხარდაჭერა განსაზღვრავს. შესაბამისად, თუ ოპოზიციური ძალები ამ მხარდაჭერის გაზრდას შეძლებენ, მათი ფორმალური აკრძალვა პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას ვერ გამოიწვევს.
ჩერგოლეიშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვის ინიციატივა ხელისუფლების პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა. ამასთან, მისი აზრით, პროცესი შესაძლებლობას იძლევა, საზოგადოების იმ ნაწილმაც დაინახოს ქვეყანაში არსებული პრობლემები, რომელიც მანამდე პოლიტიკურ მოვლენებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.
„შარშან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პარტიამ. რეჟიმის დათვლებით, ამ პარტიებმა აიღეს 800 000-ზე მეტი ხმა. ანუ ამ ადამიანებს, ვინც ხმა მისცეს და სხვა პარტიები აირჩიეს, ხმას უუქმებენ“, — განაცხადა მან.
„ფედერალისტების“ ლიდერი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასაც.
ჩერგოლეიშვილის ვარაუდით, კობახიძის გადაწყვეტილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს პარტიების აკრძალვის საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლო პოლიტიკურ და რეპუტაციულ შედეგებთან.
„რას ფიქრობთ, რატომ გაიქცა მანანა კობახიძე? გასაგებია, რომ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ თავი არ გაიფუჭა“, — განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძეს მოსამართლის უფლებამოსილება 13 ოქტომბერს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა პარტიების აკრძალვის საქმის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. კობახიძის გადადგომის კონკრეტული მოტივები საჯაროდ არ განმარტებულა.
ჩერგოლეიშვილმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობა ოპოზიციურ სივრცეში არსებულ კონკურენციასაც დაუკავშირა. მისი თქმით, წარსულში „ფედერალისტების“ საჯარო სივრციდან შეზღუდვის მცდელობები სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდანაც არსებობდა.
„რის გამო სჭირდებოდათ სააკაშვილსა და ხაზარაძეს ჩვენი აკრძალვა ტელევიზიებში? იმიტომ, რომ სუსტად გრძნობდნენ თავს და ხვდებოდნენ, რომ კონკურენციას ვერ გაგვიწევდნენ, თუ არ აგვკრძალავდნენ. ეს აკრძალვაც სისუსტის ნიშანია“, — აღნიშნა მან.
მისი შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერობის ვაკუუმია, რომლის შევსების შესაძლებლობასაც ხელისუფლება საფრთხედ აღიქვამს. ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არსებული ვითარება საზოგადოებრივი მხარდაჭერის გასაზრდელად უნდა გამოიყენოს.
„ქართველ ხალხს პარტიების აკრძალვა ამ ქვეყანაში ანაღვლებს იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია თუ არა მათთვის სიკეთის მოტანა“, — განაცხადა მან.
ჩერგოლეიშვილმა ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისა და ეკონომიკური სარგებლის საკუთარი გარემოცვის სასარგებლოდ განაწილების მცდელობაშიც დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. აღნიშნული თარიღების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
„ფედერალისტების“ განცხადებით, პარტია სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს და 18–25 ოქტომბერს აჭარაში დაგეგმილ პოლიტიკურ კამპანიას გააგრძელებს.