როგორც წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მცდელობა პარტიისთვის საკუთარი პოლიტიკური პრინციპების ერთგულების დასტურია.
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს. ეს ჩვენი ბრძოლისა და პრინციპების ერთგულების ნიშანია“, — აცხადებს წითლიძე.
მისი თქმით, პარტიის საქმიანობის შესაძლო აკრძალვა ვერ შეცვლის მის პოლიტიკურ მიზნებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.
„მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან — ჩვენთვის არაფერი იცვლება. კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება!“ — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
წითლიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის სამართლებრივი გაუქმება მისი იდეებისა და მხარდამჭერების საქმიანობის შეწყვეტას არ ნიშნავს.
„ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მით უმეტეს, ვერც ნაციონალურ მოძრაობას! მხოლოდ კი არ გადავრჩებით — საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც“, — აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
აღნიშნული თარიღების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და სხდომებზე გამოცხადება მოსთხოვეს.
ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი პროცესის დაჩქარებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. პარტიების აკრძალვის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ მიუღია.