ზურა ჯაფარიძე: პოლიციელები ამტკიცებენ, რომ პარლამენტის აღებისკენ ჟესტებით მოვუწოდებდით, თუმცა ჩვენი ხმა არ ესმოდათ
30.06.2026
ნახვები: 233
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს საქმეში რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია და საქმე ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქმეში 12 პოლიციელის ჩვენებაა წარმოდგენილი, რომლებიც, მისი თქმით, ერთსა და იმავე შინაარსის ჩვენებებს აძლევენ.
„იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, ჩადებულია, თუ სწორად მახსოვს, 12 პოლიციელის ჩვენება. ესენი ჰყვებიან ერთი და იმავეს, რომ დაგვინახეს ხალხში რომ ვიდექით, ოღონდ არ ახსოვთ რა გვეცვა, სად ვიდექით, სცენა იყო თუ არა, მიკროფონი გვეკავა თუ მეგაფონი. არ ესმოდათ ჩვენი ხმა და თითქოს ხალხს ჟესტებით პარლამენტის შენობის აღებისკენ მოვუწოდებდით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საქმეში საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებზე, თუმცა პოლიციელების ჩვენებები 2025 წლის მაისშია მიცემული.
„საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში. თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იკვლევს.