ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?
ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს

არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება

26.04.2026 ნახვები: 271

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად სუს-ი წარმოადგენს საპარლამენტო უწყებას, სხვა კონსტიტუციური ორგანოების მსგავსად (პროკურატურა, სასამართლოები, ეროვნული ბანკი, საზმაუ და ა.შ.), ექვემდებარება სრულ საპარლამენტო კონტროლს და ზედამხედველობას.

აღნიშნულის საპირისპიროდ შსს, როგორც სამართალდამცავი და საზოგადოებრივი წესრიგის ერთადერთი ცენტრალიზებული ორგანო, ერთ-ერთი სამთავრობო უწყებაა.

როდესაც ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძე წარადგინა ვიცე-პრემიერობის და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამართალდამცავ ორგანოებს, გამოდის რომ ირაკლი კობახიძის ვერსიით მამუკა მდინარაძე უნდა გახდეს შსს-ს კურატორი თუ კოორდინატორი, რომელსაც მთავრობის ერთ-ერთი წევრი მინისტრი ისედაც ხელმღვანელობს - რა გამოდის, რომ შსს-ს ერთი მოქმედი მინისტრი და ერთი სუპერმინისტრი ეყოლება ?

ყოველივე ეს წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვით მთავრობის ახალი წევრი თუნდაც ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის რანგში, ერთდროულად სუს და შსს კოორდინატორი არ შეიძლება იყოს.

წარდგენის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო გამოცდილება ან სხვა ქვეყნების ანალოგიური მაგალითი საჯაროდ არ დაუსახელებია, მის ინიციატივაში თითქოს გარკვეული პარალელი არსებობს ე.წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და პოლონეთის რესპუბლიკის მოდელებთან.

მართლაც, გერმანული მოდელის მიხედვით ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციის უფროსი, იმავდროულად როგორც სახელმწიფო მინისტრი-კოორდინატორი, არის ფედერალური მთავრობის წევრი და მისი ძირითადი მოვალეობაა სპეცსამსახურების, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამართალდამცავი და საზოგადოებრივი წესრიგის ორგანოების, კოორდინაცია.

ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ გერმანიის შემთხვევაში ფედერალურ დონეზე ოთხივე სპეცსამსახური (კონსტიტუციური უსაფრთხოება - BFVS, საგარეო დაზვერვა - BND, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და ციფრული უსაფრთხოება - BSI, სამხედრო დაზვერვა - BMAD) წარმოადგენს სამინისტროთშორის უწყებებს ფედერალურ მთავრობაში და მკვეთრად დეცენტრალიზებულ სამსახურებს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სრულად ინტეგრირებულ სტრუქტურულ ერთეულებს.

მაგალითად, საიდუმლო ინფორმაციას კონკრეტულ ციფრულ საფრთხესთან დაკავშირებით მოიპოვებს საინფორმაციო-ციფრული უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, აღნიშნულ ინფორმაციას გრიფით გადასცემს ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციას, რომლისგანაც ხდება შემდეგ საფრთხესთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი დარგობრივი სამინისტროსთვის და ზუსტად ამას ნიშნავს კოორდინაცია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გერმანულ მოდელში პარლამენტისგან სრულად დამოუკიდებლად ოთხივე სპეც.სამსახურის ხელმღვანელს შესაბამისი ფედერალური მინისტრების ერთობლივი წარდგინებით ნიშნავს ფედერალური კანცლერი და უნდა დაამტკიცოს მთავრობის სრულმა შემადგენლობამ - ე.ი. მოქმედებს კოალიციური კონსენსუსის პრინციპი, ხოლო მათი კოორდინაცია ხდება კანცლერის ადმინისტრაციის უფროსის დონეზე, თავის მხრივ ფედერალური მთავრობის წევრი სახელმწიფო მინისტრის რანგში.

გერმანული მოდელის მიხედვით პარლამენტს შეუძლია მხოლოდ საკომიტეტო მოსმენაზე დაიბაროს სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ინტერპელაციის წესით, მაგრამ არა პლენარულ სხდომაზე. მისი თანამდებობიდან გადაყენების უფლება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივაა, რაც დასაშვებია რომ მოხდეს როგორც საპარლამენტო რეკომენდაციის საფუძველზე, ისე საპარლამენტო რეკომენდაციის გარეშეც, მთავრობის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით.

გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოს სპეცსამსახურები არ წარმოადგენენ დეცენტრალიზებულ ორგანოებს და ინტეგრირებულია ერთ მონსტრ უწყებაში, კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელიც პოლიტიკური პოლიციაც არის, საგარეო დაზვერვაც, ანტიკორუფციული ორგანოც, რეგიონალური ხელისუფლებების და სხვა კონსტიტუციური ორგანოების ზედამხედველიც,  და ა.შ.

შესაბამისად, მომავალ კოორდიანტორად და სუპერმინისტრად მამუკა მდინარაძის წარდგინების მოტივი, რომელიც ირაკლი კობახიძემ საზოგადეობას შესთავაზა, არის ბუნდოვანი და საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო - ის უნდა იყოს ან მხოლოდ შსს-ს კოორდინატორი, ან მხოლოდ სუს-ს კოორდინატორი. ორივე ორგანოს კოორდინატორი ერთად და ერთდროულად ვერ იქნება - ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

დიდი ალბათობით, მამუკა მდინარაძე როგორც მთავრობაში დაწინაურებული მომავალი ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი გახდება ერთპარტიული იდეოლოგიის და პროპაგანდის კოორდინატორი ირაკლი კობახიძის მთავრობაში.

აგრეთვე, ვიცე-პრემიერად და სახელმწიფო მინისტრ-კოორდინატორად მამუკა მდინარაძის მთავრობაში დაწინაურების ანტიკონსტიტუციურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2017 წელს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა სამწუხაროდ არ ემსახურებოდა საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, არამედ მხოლოდ ქვეყნის ძირითადი კანონის მორგებას ჩრდილოვან მმართველობასთან.   

 ავტორი: არჩილ იაკობაშვილი

ნეიშენ ჯორჯია

     

    

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა