ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

ნუთუ დღემდე ჯაყოს ხიზნები ვართ ყველა?!

14.02.2024 ნახვები: 2400

„ჯაყოს ხიზნები“ მიხეილ ჯავახიშვილის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.  მწერალი, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კრიზისსა და 20 საუკუნის საზოგადოებრივ-კულტურულ (მენტალურ) მდგომარეობას რომანში საინტერესოდ აღწერს.  „ჯაყოს ხიზნები“ არა ერთ გზის გამხდარა ქართველი რეჟისორების ინტერესის, კვლევის, დაფიქრებისა და ინტერპრეტირების საგანი. სწორედ თუ გინდა გაეცნო ქართველს, რომელსაც ამ ქვეყნად არაფერთან ერთად ყველაფერი გააჩნია მიხეილ ჯავახიშვილის ამ რომანს უნდა მოჰკიდო ხელი და მასთან ერთად შეძლებ იმოგზაურო არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოში (სამწუხაროდ!).

ასე გაგვახსენა რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ პრობლემები, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო და დღემდე გადაუჭრელია, აქტუალურია. სპექტაკლი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში დაიდგა და მისი ნახვის შესაძლებლობა დედაქალაქის მაყურებელსაც მიეცა. მხატვარი- ანანო დოლიძე, ქორეოგრაფი -ირინა კუპრავა. 

რეჟისორმა მიხეილ ჯავახიშვილის ვრცელი და მრავალპლანიანი რომანიდან, ფრაგმენტულად წარმოგვიდგინა მნიშვნელოვანი მომენტები, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა მაყურებელში სწორედ იმ ემოციების გამოწვევა, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრი (უმეტესად) უკვე მაყურებელში ვეღარ იწვევს. ეს ემოცია პროვოცირებს ფიქრს, მსჯელობას (ალბათ ამიტომაც იყო, რომ თავისუფალ თეატრში მისული მაყურებელი დაშლას არ ჩქარობდა). რეჟისორმა შეძლო მაყურებლის დაინტერესება, შემიძლია ვთქვა, რომ მთელი სპექტაკლის განმავლობაში მხოლოდ ორიოდ მაყურებელმა ჩაიხედა ტელეფონში, დანარჩენები კი გაფაციცებით უცქერდა სცენაზე გათამაშებულ ამბავს.

მაყურებელი დარბაზში შესვლისას, სცენაზე ხედავს თეიმურაზს (გენა შონია), რომელიც დიდი ტრანსფარანტით, რომელზეც ჯაყო აწერია აეროპორტში დგას და ელოდება ნათლულს. თვითმფრინავის ხმა, სამგზავრო ბარგი და ეკრანი, რომელზეც ჩამოფრენის დროებია მითითებული, მაყურებელში ადვილად იწვევს იმის განცდას, რომ აეროპორტშია და თეიმურაზთან ერთად ჩვენც ჯაყოს ველოდებით.  ჩაბნელებულ სცენაზე, სადაც მხოლოდ კიბეა განათებული ჯაყო (გიორგი სურმავა) ჩამოდის, გრძელი, დიდი, შავი „დუბლიონკით“. ნათლიმამასთან სახლში მისული დაუბანელი, ხეპრე და ჟღალი ჯაყო სწორედ დიდ, შავ ჩექმებს იხდის და სხვა ბარგთან ერთად ხელში აჩეჩებს მასპინძელს. ვეჭვობ, რომ ჯაყო რუსეთიდან ჩამოფრინდა, ამის თქმის საფუძველს მისი შავი ჩექმა, „დუბლიონკა“ და დამპყრობლური ხასიათი გვაძლევს. იგი პირდაპირ საძინებელში შეიჭრება, სადაც მარგოს (ანი ანდღულაძე) სძინავს. თეიმურაზი სწრაფად გადააფარებს ცოლს ზეწარს, თუმცა ჯაყოს გამომეტყველება და ქცევები იმთავითვე იწვევს განცდას, რომ მას სხვა სურვილი აქვს. სურვილი ისედაც დაპყრობილი, გამწარებული და თავლაფდასხმული თეიმურაზ ხევისთავის ბოლომდე განადგურების. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჯაყო თავდაპირველად  ვერ იაზრებს, რომ დამპყრობელია. უბრალოდ ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ ყველაფერი აითვისოს, ყველაფერი მიიღოს და  ყველაზე მთავარი, ვნებები დაიცხროს, სტომაქი გაივსოს.

გია სურმავას შესრულებით ჯაყო კულტურისგან დაცლილი კაცია და მსახიობი პერსონაჟს მისი ქმედებებით გვიხასიათებს. ჯაყოს არ უყვარს სუფრასთან ჭამა, არ იცავს ეტიკეტს, ძილისას ცალი ხელი საცვალში აქვს. ჯაყოს ძილის ეპიზოდში ვეცნობით პერსონაჟის ტიპაჟს, რომელსაც საინტერესოდ ასრულებს მსახიობი. თეიმურაზი (გენა შონია) მიამიტია და ბრმად მიმნდობი. ფაქტობრივად, ის საკუთარი ნებით მგლის ხახაში აგდებს მარგოს (ანი ანდღულაძე). ჯაყოსთან მარტოდ დარჩენილი მარგო მსხვერპლია, რომელსაც არ შესწევს ძალა დაიცვას თავი და ღირსება, თუმცა მოსახდენის მოხდენის შემდეგ, უზნეობა ზნეობრივ კატეგორიად იქცევა, იმდენად, რომ ჯაყოს თეიმურაზის გვერდით მწოლიარე მარგოსთან აქვს სექსი.

მაყურებელი უცქერს ქართველი თავადის (წარჩინებულის, დიდგვაროვნის) უუნარობით გამოწვეულ დაცემას. მარგო (ანი ანდღულაძე) ბოლომდე ვერ გვარწმუნებს რომ უსუსურია, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ეამა ჯაყოს ძლიერი მკლავი. მარგო რეალურად (ჩემი შთაბეჭდილებით) ჯაყოს ირჩევს - კეთილდღეობისთვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის, გადარჩენისთვის.

რეჟისორულად საინტერესო პასაჟია შვილების სცენა თოჯინებით, რომელიც ჯაყოს 3 სხვადასხვა ცოლიდან შეძენილ შვილებს განასახიერებენ. ამ ეპიზოდიდან ისიც ჩანს, რომ ჯაყო ჭკვიანია და მომავალ, გარანტირებულ კეთილდღეობაზე ორიენტირებული: „რა იცის რომელი გამოდგეს ჯაყოსა“, შვილებსაც დამონებისთვის ზრდის. ჯაყოს მოახლეები (შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუკა დვალიშვილი) ზედმიწევნით კარგად გადმოსცემენ მონურ არსს. თუ როგორ შეიძლება დაემონო ბატონს, როგორ შეიძლება იძალადოს შენზე და სწორედ ეს ოთხი მსახიობი ქმნის ჯაყოსგან როგორც დამპყრობლის ტიპურ ვერსიას. საინტერესოდ გადაწყვიტა რეჟისორმა თეიმურაზის უსუსურობის და დამცირების, მისი უპირატესობის წარმოჩინების დემონსტრირება - ქათმის დაკვლის ეპიზოდში. თეიმურაზი დავალებას ვერ ასრულებს და გული მისდის, თეიმურაზი გამოცდას ვერ აბარებს.

და დგება დღე, როდესაც ივანე (რამინ კილასონია)  ცდილობს თეიმურაზს რეალობა აჩვენოს, აჩვენოს თუ როგორ ეჭრება თავი და რა დღეში აგდებს ეს დამპყრობელი. თეიმურაზი მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ხვდება და ყველაფერი იცის საკუთარ თავს ვერ აჯერებს. ივანეს პირველი გამოჩენა სწორედ მაშინ იწყება, როცა თეიმურაზს არწმუნებს, რომ ჯაყო მტაცებელია თუმცა თეიმურაზს ფაქტი არ აქვს (ან რომც ჰქონდეს რა?) და მხოლოდ ამის გამო სდუმს. თუმცა ეს ის „სიმართლის“ მთქმელი ივანეა, რომელსაც შეუძლია ენას კბილი დააჭიროს და არაფერიც არ თქვა თუ მის ჯიბეში ფული აღმოჩნდება.

საინტერესო იყო ასევე, მღვდლის როლში რამინ კილასონია, რომელიც ანაფორას იხდის და სცენიდან მაყურებელთან ინაცვლებს, სეირის მოლოდინის სურვილით შეპყრობილი და სწორედ ეს ის მღვდელია, რომელიც შემდეგ ანაფორას ისევ იბრუნებს რომ ჯაყოსა და მარგოს ჯვარი დასწეროს. სწორედ ფარისევლურადაა წარმოდგენილი ეკლესიის სახეც - როცა მღვდელი ცდილობს თეიმურაზი გააძევოს, ეკლესიიდან იმის გამო, რომ მტაცებელ ჯაყოს ხელი არ შეეშალოს ჯვრის წერაში. მღვდელი, მის წინ მდგომ ჯაყოსა და მარგოს არც კითხვას უსვამს, სურთ თუ არა ქალს ჯაყოსთან ცხოვრება. იგი აშკარად ჯაყოს შიშითა და ფულის სიყვარულით ჯვრისწერის რიტუალს ატარებს. 

ეფექტურია „ქარის სცენა“, როცა თეიმურაზს ყველაფერი თავზე ეყრება, წიგნები, ფურცლები, ქათამი, რომელიც ვერ გამოასალმა სიცოცხლეს. ქათამი, რომელმაც გაბედა და სწორედ მაშინ, როცა თეიმურაზისთვის ყველაფერი დასრულდა დაიკრიახა და ჯაყოს მსგავს ადამიანებს, თეიმურაზის უსუსურობა შეახსენა.  

ასევე საინტერესო სცენაა, როდესაც თეიმურაზი როცა მიხვდა, უფრო სწორად კი საკუთარ თავთან აღიარა ჯაყოს დამპყრობელი ბუნება და რწმუნდება, რომ მარგო მსხვერპლია.

აღსანიშნავია ის ეპიზოდიც, როცა თავად მოახლეები ანგრევენ, მიწასთან ასწორებენ თეიმურაზის ნასახლარს და ჯაყოს „სასახლეს“, ბატონ ჯაყოს ამხობენ და აძევებენ. და ჯაყოს „დუბლიონკას“ მონურის სულის, ჯაყოს ერთ-ერთი მოახლე, კმაყოფილი, ირონიული გამომეტყველებით მოისხამს, რომელიც ჯაყოსგან არაფრით განსხვავდება და მისი სახით ახალი დამპყრობელი ევლინებათ.

დრამატული და ტრაგიზმამდე დასული ისტორიის მთავარ დამნაშავედ რეჟისორმა თეიმურაზი წარმოგვიდგინა. რა საინტერესოა ნუთუ სამყაროში მოვლენილი, ქართველები დღემდე თეიმურაზებად,  მარგოებად და  „ჩამოსულ“ ჯაყოებად იყოფიან?! თუმცა ჩექმა დღემდე მაინც არ კარგავს აქტუალობას. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლი ბევრი ფიქრის და ანალიზის საშუალებას იძლევა. რეჟისორმა შეძლო აქტუალური თემები კლასიკური ქართული მწერლობიდან თანამედროვედ და გასაგებად აეჟღერებინა სცენიდან ფოთის თეატრის მსახიობებთან ერთად, რომლებიც ჰყვებიან ძველ ამბავს ჩვენზე და ჩვენს დღევანდელ დღეზე, მწარე რეალობაზე.

სასიხარულოა, რომ ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი ჯეროვან ყურადღებას უთმობს ქართული კლასიკის ნიმუშებს. მის მიერ დადგმული „ყვარყვარეს“ შემდეგ, ნიკა ჩიკვაიძის „ჯაყო“ მორიგი საინტერესო ექსპერიმენტი და კლასიკური ლიტერატურული ძეგლის ორიგინალური თანამედროვე ადაპტაციაა.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

სტატია გამოქვეყნდა: theatrelife.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა