პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Trump mocks Putin’s confidence as U.S. sanctions hit Russia’s oil giants
Von der Leyen: EU moving forward with reparations loan for Ukraine
Trump does not see enough interest from Russia in moving towards peace – White House
გოჩა მირცხულავა: ვხედავთ პროტესტის მხარეს როგორი სოლიდარობაა და იქით შეხედეთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გამომსარჩლებელი არ ჰყავს არავინ!
მიღებულია "განათლების საერთაშორისო ცენტრის" ლიკვიდაციის გადაწყვეტილება

გოჩა მირცხულავა: ვხედავთ პროტესტის მხარეს როგორი სოლიდარობაა და იქით შეხედეთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გამომსარჩლებელი არ ჰყავს არავინ!

24.10.2025 ნახვები: 383

დღეს „ოცნება“ ხარაკირის გზას გადის. სიკვდილის პირას მყოფი პოლიტიკური ძალაა!

ახლა რომ გაიძახის „ოცნების“ ბაბლი, უი, უი, თურმე რა ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა!

ვისაც ღარიბაშვილისთვის საჩუქრები აქვთ მირთმეული, დღეს ეს ადამიანები ვიშვიშებენ!

მივხვდეთ ერთ რამეს, რომ „ქართული ოცნება“ იმართება სისტემით, რომელი სისტემის სათავეშიც დგას ბიძინა ივანიშვილი!

„ოცნების“ დამარცხებას იზეიმებენ ისეთი ადამიანები, რომელზედაც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ მათ შეუძლიათ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ რამე თქვან.

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- გოჩა, როგორ აფასებთ ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს? სუს-ის ბრიფინგით დავიწყოთ, სადაც გვამცნეს, რომ ყოფილმა პრემიერმა დანაშაული აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ახლა ჩვენ მოვიფიქრებთ, რა ვქნათო. რა ხდება? რა თამაშია? ან თუკი ასეთი კორუმპირებულია ამდენი ხანი სჭირდება ბრალის წარდგენას?

- ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ჩვენი შეფასებები ხშირად ემოციურიც არის, მაგრამ ამას ობიექტური საფუძვლები აქვს. დღეს რაც ხდება „ქართულ ოცნებაში“, ეს არის მათი ცოდვების ქვითინი! ეს ხდება შინ, გარეთ, ქუჩაში,  „ოცნების“ წევრებისა და მომხრეების სახლებში და ასე შემდეგ. შესაბამისად, გარეთ რაც გამოაქვთ, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. შიგნით იმდენად დალპნენ, რომ ერთმანეთის სუნსაც ვეღარ იტანენ, დასანახადაც არ უნდათ ერთმანეთი. ამ ყველაფერს ლოგიკური და კანონიერი განვითარება აქვს. ეს ცხოვრების კანონზომიერებაა, როცა არასწორად იქცევი, ხვალ-ზეგ უნდა ელოდო იმას, რომ ამისთვის პასუხისგება მოგიწევს! შიგნით რომ კლანური ბრძოლები მიდის და ერთმანეთს ჭამენ, ეს ჟანრის კლასიკაა.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ორ გზის პრემიერი და ახლა რას გვეუბნებიან რომ მოიპარა და აღიარა? ითანამშრომლა?

- ზუსტად აქ მივდივარ. ახლა ვიღაცის ცხოვრების სტანდარტის წესებიდან გამომდინარე ხდება ჩვენთან ყველაფერი. იმავე ღარიბაშვილის პირობებში, მმართველობის სტრუქტურა იგივე იყო, ასევე გახარიას პირობებში და ახლაც ასეა. დიდად არაფერი შეცვლილა, მაგრამ შინაარსი იცვლებოდა ყოველთვის. გახარიას თუ ავიღებთ, მის პირობებში ქართულ ჯიგრული პონტი იყო და ეს გახარიამ ღიად თქვა. ღარიბაშვილი ღიად არ ამბობდა, მაგრამ იგივენაირად იქცეოდა. კობახიძის დროს რა ხდება? ახლაც ქართული ჯიგრული პონტია, როდესაც ერთმანეთზე შური უნდა იძიონ იმისთვის, რომ თვითონ იყვნენ ძლიერები. ესენი მუდმივად ამაზე არიან ორიენტირებული.

- რომელ სიძლიერეზე და რომელ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ. ყველა პრეზიდენტი მოღალატედ შერაცხა, ყველა პრემიერი ან მოღალატე ან კორუმპირებული აღმოჩნდა.

- ჩვენ არ ვიცით, რომ ეს ასე იყო?! ვისზე არ ვიცოდით? ღარიბაშვილს რომ კვალიფიკაცია აკლდა, ეს არ ვიცოდით?! მარგველაშვილი რომ პლასტელინი იყო, ეს არ ვიცოდით? რომელზე არ ვიცოდით? გახარია რომ ბიძინასთან ინტეგრირებული ტიპია,  არ ვიცოდით?! ვისზე რა არ ვიცოდით?! „ქართული ოცნების“ მმართველი ლიდერშიპი რომ რუსულ ინტერესებს ემსახურება, ან ვინმესთვის ახალი?! ყველამ ყველაფერი იცოდა! ახლა რომ გაიძახის „ოცნების“ ბაბლი, უი, უი, თურმე რა ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა! ახლა ერთმანეთზე შურისძიებით არიან დაკავებულნი!

- რას უპირებენ ღარიბაშვილს? რა მოლოდინი გაქვთ, დაიჭერენ მას და ლილუაშვილს, თუ უბრალოდ გააკულაკებენ?

- გაკულაკებას რაც შეეხება, აქ ფულს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ფული, რაც ამოიღეს და რაზედაც გველაპარაკებიან, 7 მილიონი, მათთვის მზესუმზირის ფულია. ფულის გამო არ მიდის ამათთან დაპირისპირება. ეს ხდება იმისთვის, რომ თავიანთი წევრები შეაშინონ. ისინი ჰყავდეთ მორალურად მუდმივად მოჭიმულ მდგომარეობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ის რღვევის პროცესი, რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს და ლოგიკურად ეს დასრულდება ძალიან ცუდად „ქართული ოცნებისთვის“, ეს პროცესი, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაწელონ. აქ სუფთა მერკანტილური მომენტია, ერთმანეთზე შურისძიების პროცესი მიდის! მე ახლა არ მინდა იმ ზომამდე დავწვრილმანდე და იმაზე ვისაუბრო, ვის რა ენა მიუტანეს და ვის რა შურისძიების მომენტი აქვს. რაც შეეხება ღარიბაშვილის 40-50 ათასიან საათებს, ეს საათები მას ხელზე არ ეკეთა?! უფრო მეტსაც გეტყვით, ეს საათები თვითონ ბიზნესმენების ნაჩუქარია მისთვის. პარლამენტში რომ უზით ბიზნესმენები, უმეტესობა იმათი ნაჩუქარია. ეს ხომ იციან?! ის ადამიანები, ვისაც ღარიბაშვილისთვის საჩუქრები აქვთ მირთმეული, დღეს ეს ადამიანები ვიშვიშებენ! აი ეს არის ამათი მორალურ ზნეობრივი სტანდარტი.

- კობახიძე-ივანიშვილის ურთიერთობას რაც შეეხება, რამდენად იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ კობახიძეს ვეღარ მართავს ივანიშვილი და კობახიძე პირდაპირ რუსეთიდან იმართება?

- არა! ეს აბსოლუტურ სისულელედ მიმაჩნია. ჩვენ ხშირად წამოვეგებით ხოლმე იმ ნარატივებს, რომელსაც „ოცნება“ გვაწვდის და ამას ვიმეორებთ.  სტალინი კარგია, არ იცოდა რეპრესიების შესახებ, ამ მომენტისკენ მივდივართ?! მივხვდეთ ერთ რამეს, რომ „ქართული ოცნება“ იმართება სისტემით, რომელი სისტემის სათავეშიც დგას ბიძინა ივანიშვილი! მორჩა, დასრულებულია ამაზე საუბარი! ამ დამპალი თევზის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი! შესაბამისად, ამათი ცალ-ცალკე განხილვა არის შეუძლებელი.

- ვისმენთ შეფასებებს, რომ ღარიბაშვილის და ლილუაშვილის დაკავების პროცესი იმიტომ გაიწელა დროში, რომ კომპრომატებით შანტაჟი მიდის. საუბრობენ, რომ ღარიბაშვილი-ლილუაშვილსაც სერიოზული კომპრომატები აქვთ. ფარცხალაძის მუქარებიც გაისმა. შესაძლოა, ესეც იყოს მათი დაკავების გაჭიანურების მიზეზი?

- როდის დაიჭერენ ამათ და როგორ განვითარდება პროცესები, ჩემთვის უცნობია, მაგრამ თავიდანვე ჩემი მოლოდინი ასეთი იყო, რომ მათ არჩევნებამდე ხელს არ მოკიდებდნენ და არც მოკიდეს. ბიძინასთვის „სწორი“ ტაქტიკური მომენტი არის ის,  რომ ადამიანები მუდმივად დაძაბულნი და შიშის მდგომარეობაში იყვნენ. ადამიანები მუდმივად ალაპარაკონ, რომ აი დღეს დაგიჭერენ, ხვალ დაგიჭერენ. ვიღაცა დუნდება, უფრო მეტ შეცდომას უშვებს და მერე უფრო მეტსაც დაფქვავს ხოლმე. ასე მოხდა ღარიბაშვილის შემთხვევაშიც.

- რას გულისხმობთ?

- ითანამშრომლა გამოძიებასთან, რას ჰქვია?! რა ჩამოთვალა თავის დანაშაულები? არა, ბატონო! ითანამშრომლა გამოძიებასთან ნიშნავს, რომ კიდევ ვიღაცეები ჩაუშვა! ვინ რა ქრთამი მისცა, ვინ რა აჩუქა, ყველაფერი მისხალ-მისხალ ექნება ჩამოწერილი. საათი მაჩუქა იმან, ფული მომცა იმან.

- ანუ ახალი დაკავებების სერიას უნდა ველოდოთ?

- ან დაჭერების, ან გაპარსვის! ჩვეულებრივად გრძელდება ეს პროცესი. შიშში უნდა ჰყავდეთ ეს ადამიანები და ჰყავთ კიდეც. შიში რამდენი ხანი იცხოვრებენ და მონობაზე რამდენი ხანი იქნებიან თანახმა, ეს მათი მორალური სტანდარტია. ამის მიუხედავად, ეს გახრწნის პროცესი არ ჩერდება. ეს დასრულდება იმით, რომ ბოლოს მათი ძვლებიღა დარჩება. ლპებიან! ეს პროცესი ლოგიკურად დასრულდება, „ქართული ოცნება“ საშინლად დაასრულებს!

- თქვენც ხედავთ, რა ხდება, პროტესტს როგორ ერჩიან, დღე არ გავა 20-25 ადამიანი არ დაიჭირონ. გაავსეს ციხეები უკანონო პატიმრებით. ეს პროცესი როდემდე გაგრძელდება?

- როდემდე გაგრძელდება და ხვალ და ზეგ „ქართული ოცნების“ მომხრეებს რომ დაიჭერენ, აი მერე ვნახოთ, რაც მოხდება. მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესს. ხომ ვხედავთ აქეთ, პროტესტის მხარეს როგორი სოლიდარობაა თითოეული დაკავებულის მიმართ და იქით შეხედეთ, ყოფილ პრემიერმინისტრს გამომსარჩლებელი არ ჰყავს არავინ! ყველა ჩირგვებშია შემძვრალი. დღეს „ოცნება“ ხარაკირის გზას გადის. სიკვდილის პირას მყოფი პოლიტიკური ძალაა და ამ პროცესებით, რაც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს, კიდევ უფრო იჩქარებს საკუთარ სიკვდილს! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა მოხდება. „ოცნების“ დამარცხებას იზეიმებენ ისეთი ადამიანები, რომელზედაც წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ მათ შეუძლიათ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ რამე თქვან.

ნონა ცაბაძე

ახალი თაობა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა