„მე ახლა გავაკეთებ ყველაზე მძიმე განცხადებას, რომლის თქმისგან თავს ვიკავებდი"
"ივანიშვილს წილი სასაფლაოებიდანაც მისდის!"
"საქართველოში ბიზნესიც კი გარყვნილია. დღეს მსხვილი ბიზნესის უმეტესობა „ოცნებაზეა“ მიბმული"
„ოცნება“ თვითმკვლელობის რეჟიმშია გადასული"
„ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.
- გოჩა, ბოლო პერიოდის პროცესები შევაფასოთ. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, „ოცნების“ ხელისუფლება მით უფრო ძაბავს ურთიერთობას ევროკავშირთან. მიდის სხვადასხვა ქვეყნების ელჩების დაბარება, ლანძღვა-გინება, რა ჩაიფიქრეს?
- ძალიან პრაგმატული თუ ვიქნები, მე ასე ვიტყოდი, რომ „ოცნება“ თვითმკვლელობის რეჟიმშია გადასული. როდის შეძლებენ, რომ საკუთარი თავი მოახრჩონ ბოლომდე, ეს თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამას რომ აკეთებენ, ეს ფაქტია. უკანდასახევ გზასაც კი არ იტოვებენ. გერმანიის ელჩის დაბარება შემთხვევითი არ არის. მის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება კარგად ვიცით. ახლა კიდევ ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.
- რას ედავებიან?
- ძალიან მნიშვნელოვან მომენტთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნება“ რაშიც ბრალს დებს ასე დემონსტრაციულად და საჯაროდ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, არის შემდეგი: ჩვენს ქვეყანაში მზადდება სახელმწიფო გადატრიალება და ამის უკან დგახართ თქვენ. წარმოგიდგენიათ?! დანაშაულში დებენ ბრალს, რომლის მტკიცებულებებიც, ფაქტობრივად, არ არსებობს.
- რა ხდება, „ოცნების“ შიგნით საღი აზრი აღარავის მოეკითხება?
- ეს კეთდება შეგნებულად და მიზანმიმართულად. მათ სურთ, რომ ევროკავშირმა, დასავლეთმა, საქართველოზე ხელი ჩაიქნიოს.
- მგონი თვითონ უფრო მეტად უნდათ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერონ.
- რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს. შემდეგ საკუთარ ბაბლთან დარჩეთ სალაპარაკო, რომ ჩვენ ყველაფერი ვეცადეთ, მაგრამ ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობდნენ და გეგმავდნენ ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულებებს. სხვა გზა არ რჩება, ამიტომ ჩვენ პარტნიორად უნდა ავირჩიოთ რუსეთი. აი სწორედ ეს არის, რასაც ესენი აკეთებენ.
- ბოლო პერიოდია თავს იწონებენ, კორუფციასთან ვიბრძვითო. სინამდვილეში საკუთარ გუნდის წევრებს დაერივნენ. ამხელა ტრაგედია მოხდა შოვში და თურმე ონის გამგებლის ბრალი ყოფილა, ჯებირები რომ არ გააკეთა და თურმე ის ლილუაშვილის ნათესავი ყოფილა.
- მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვინც იქ დაიღუპა და ამას კორუფციასთან არანაირი საქმე არა აქვს. სულში ჩააფურთხეს ამ ადამიანებს. შოვის ტრაგედიისას, თქვენ გახსოვთ მამა თოჯინით ხელში. შოვი რომ მახსენდება, პირველ რიგში, ეს კადრი მახსენდება. რაც ამათმა იკადრეს, საერთოდ აღარაფერში ჯდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არანაირად არ ჯდება რწმუნებულების კომპეტენციაში. მითუმეტეს, ასეთი ვითარების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორიც იქ შეიძლება ჩატარებულიყო. რა ჯებირებზეა საუბარი, გაფრთხილების სისტემებზე უნდა ყოფილიყო ძირითადი აქცენტები გაკეთებული.
- ეს დასჯის ახალი მეთოდია? „ოცნებიდან“ წასულებს ასე სჯიან?
- მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, ეს უკვე ძალიან სახიერი გახდა. დააკვირდით როგორი სიტუაციაა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ყველაზე ახლო წევრები უნდა გაანადგურონ და ამას ვინ აკეთებს? ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, ცხადია, ეს არ მოხდება, მაგრამ რის საფუძველზე იღებს ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას?! რა ინფორმაციის საფუძველზე? იმ ინფორმაციის, რომელსაც აწვდიან ეს ნეო კომკავშირლები!
- ანუ კობახიძის და მისი გუნდის მხრიდან მიდის მიზანმიმართული პროცესი?
- რა თქმა უნდა, თანაც ამას აკეთებენ გააზრებული და სწორი აქცენტით. ივანიშვილის ღმერთი ფულია! ბიძინა ივანიშვილის რომ ეტყვიან, ფული მოგპარესო, იქ მთავრდება ყველაფერი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს სახელმწიფოსთვის მოპარული ფულია და ივანიშვილი რა შუაშია. იმ შუაშია, რომ ყველა პროექტიდან ყველა "ატკატი" საბოლოოდ მიდის ბიძინა ივანიშვილთან. შესაბამისად, მე ახლა გავაკეთებ ყველაზე მძიმე განცხადებას, რომლის თქმისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი. როდესაც რომელიმე ოჯახს უბედურება დაატყდება თავს, შვილი გარდაეცვლება, ან ოჯახის რომელიმე წევრი, ბიძინა ივანიშვილი ამაზეც მდიდრდება. როდესაც იმ საფლავს ერთი ტომარა ცემენტი სჭირდება, იმ ცემენტიდანაც კი მისდის ბიძინა ივანიშვილს წილი. თავის დროზე "გვაბოლებდნენ" იმით, რომ საწვავიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდისო. ახლა კი მე მინდა ყველას ვუთხრა და ყველამ კარგად გაიაზროს, სიკვდილშიც კი მოგებას ხედავს, ადამიანები რომ კვდებიან, ისიც კი უხარია ივანიშვილს, მშენებლობებს რომ თავი დავანებოთ. სასაფლაოებიდანაც მას მისდის წილი!
- ბრძანეთ, მიზანმიმართულად მიდის ივანიშვილისთვის უახლოესი გარემოცვის ჩამოშორებაო. რამდენად უსაფრთხოდ რჩება ივანიშვილი კობახიძის და მისი გარემოცვის ხელში, ან რას უპირებენ?
- ისტორია ხომ პერსონებს ჩამოწერს ხოლმე, გარკვეული ვადების შემდეგ. როდესაც გარკვეული პერსონის ჩამოწერა ხდება, იქ მემკვიდრეებია საჭირო. შესაბამისად, აქ ვიღაც-ვიღაცეები საკუთარი თავისთვის ირჯებიან. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ. მარტო ეს თემაც არ არის.…
- კიდევ რა ხდება?
- ივანიშვილს კისერზე დამოკლეს მახვილივით, სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად, ჯანგველაძის მკვლელობის თემა ჰკიდია. მიუხედავად იმისა, ის ამ პროცესში რაიმე ფორმით მონაწილეობდა, თუ არ მონაწილეობდა. სხვადასხვა გვარები სახელდება, ფარცხალაძე, მიქაძე, თუმცა, ერთ მთლიან დიდ სურათში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული. სისტემის მიერ ჩადენილი დანაშაულია! ამ სისტემის მთავარი პირი კი ბიძინა ივანიშვილია. შესაბამისად, მოწინააღმდეგე სისტემა ამას განიხილავს კონკრეტული პერსონის და იმ სისტემის დანაშაულად, რომელი სისტემის ხელმძღვანელიც ივანიშვილია! ამიტომ, დამნაშავედ მეორე მხარისთვის, სწორედ ის აღიქმება. ასევე სხვადასხვა ინფორმაციებით, ჯანგველაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომლის საშუალებითაც, მოსკოვთან სხვადასხვა კავშირები იყო გაბმული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ივანიშვილი ძალიან ცუდ დღეშია. შესაბამისად, როდესაც ამ ნეო კომკავშირელებს ესმით ის, რომ ხვალ და ზეგ შესაძლოა, ბელადი აღარ იყოს ბელადი, ცხადია, ისინი იბრძვიან ძალაუფლებისთვის. თანაც პრევენციულ ზომებს იღებს ეს გუნდი, ვაი და ვინმეზე გული მოულბეს ივანიშვილს ისე, როგორც ღარიბაშვილზე მოულბა და დააბრუნა. არავისზე არ უნდა მოულბეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს კობახიძის ფრთა.
- ღარიბაშვილის მეგობარ ბიზნესმენებსაც ცუდად გადაეკიდნენ. ბევრს ქვეყნიდან გასაქცევად აქვს საქმეო.
- რა თქმა უნდა, ბიზნესმენებსაც გადაეკიდებოდნენ. ყველა ეს ბიზნესმენი "ატკატზე" მუშაობს. ყველა ამ ბიზნესმენმა წლების განმავლობაში უამრავი ფული წაიღო! უამრავი ფული იშოვა „ქართული ოცნებით“! საქართველოში ბიზნესიც კი გარყვნილია. დღეს მსხვილი ბიზნესის უმეტესობა მიბმულია „ოცნებაზე“, ერთეულების გარდა. საქართველოს ბანკთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლობირებენ ყველგან და არ უნდა დაასანქციროთო, ითხოვენ. ისედაც ხომ ვიცოდით, რომ ამ მხრივ ლობირება ხდებოდა. მათაც კარგი მომენტი აქვთ, ამდენ ფულს, ჯანმრთელი და დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ვერ იშოვიდნენ.
- ამ ფონზე, როდესაც ასეთი უმძიმესი სიტუაციაა, ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა ციხეშია, თითქოს ცოტა გულგატეხილობაა საზოგადოებაში, რა მოლოდინი გაქვთ? იქნება გარდამტეხი 4 ოქტომბერი?
- მე ასე არ ვუყურებ 4 ოქტომბერს, რომ ტრივიალური თარიღია. მე ვუყურებ ასეთი თვალსაზრისით, რომ 4 ოქტომბერი, ქართველი ხალხის მეშვეობით, შესაძლებელია, საქართველოს გამარჯვების დღედ იქცეს. ეს არის პროცესი და ეს პროცესი 4-ში დამთავრდება, 6-ში თუ 7-ში, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. სასტარტო პროცესად უნდა იქცეს 4 ოქტომბერი! ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის. ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას ამ მანქურთებს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და მათ არ მისცემენ უფლებას, ხალხს წაართვან მომავალი!
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია