„CRRC-საქართველოს“ ჩატარებული გამოკითხვისა და კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% სწორედ ხელისუფლებას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ ყველაზე ნეგატიური პროგნოზი ახდა და ევროკომისიამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის „უვიზო რეჟიმის“ შეწყვეტის ან თუნდაც შეჩერების შესახებ.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ ოფციას შორის დიდი განსხვავება არ არის, რაკი „ოცნების“ ხელისუფლება ამჟღავნებს აბსოლუტურ შეურიგებლობას ეპოქის, დროის, ქართული საზოგადოებისა და ევროპელი მეგობრების მოთხოვნისადმი: შეუთავსონ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ ნორმებს. რის გარეშეც არა მხოლოდ „უვიზო რეჟიმი“ დემოკრატიულ სახელმწიფოთა გაერთიანებასთან, არამედ თვით „წევრობის კანდიდატის“ სტატუსი“ და ევროკავშირთან ასოცირებაც შინაარსს კარგავს.
რაც შეეხება გამოკითხვის შედეგებს, 51%-ის მიერ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ის შემთხვევა არ არის, როდესაც, ცნობილი გამოთქმის შესაბამისად „ქვეყანაში ყოველთვის ყველაფერზე ხელისუფლება აგებს პასუხს“.
ზოგჯერ ეს თეზისი საეჭვოცაა - ყოფილა შემთხვევები ოპოზიციას და მთელს საზოგადოებას არანაკლები პასუხისმგებლობა დაჰკისრებია, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად ნათელია: „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა რასაც „მისწვდა“ და რაც შეძლო, რათა ევროპელები იმ დასკვნამდე მისულიყვნენ და ეს საბედისწერო კითხვა დაესვათ: საერთოდ არის თუ არა საქართველო, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო, ევროპული ღირებულებების მატარებელი, რაკი უკვე 13 წელია მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც ატარებს კრემლის მოსაწონ კურსს, ლანძღავს ევროპას, ევროკავშირს, პროდუცირებს ათასგვარ ფობიას „ქალის რძისა“ და „მამაკაცის რძის“ შესახებ, რაც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
ნიშანდობლივია, რომ კვლევის შედეგთა „ჩაშლისას“ გამოვლინდა მნიშვნელოვანი და მეტყველი ტენდენცია: ახალგაზრდებს შორის იმ ადამიანთა ძალიან მაღალი პროცენტი, ვინც სწორედ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ დააკისრებს პასუხისმგებლობას ეროვნული ტრაგედიისთვის.
„უვიზო რეჟიმის“ შეწყვეტა კი სწორედაც დიდი ეროვნული ტრაგედია იქნება: „უვიზო ევროპასთან“ არის ქართველი ხალხის სისხლითა და ცრემლით მონაპოვარი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ უდიდესი სისხლი დაღვარა, ათასნაირი დანაკარგი განიცადა და მართლაც „გმირთა ვარამის“ შედეგად მოიპოვა ეს ჯილდო, პრივილეგია: უვიზო რეჟიმი ევროპასთან, რაზეც მსოფლიოს ასეულობით სახელმწიფო მხოლოდ ოცნებობს!
და რაც ყველაზე უარესია, თუ შეწყდა (თუნდაც შეჩერდა) „უვიზო“, შემდეგ მისი აღდგენა უკვე ძალიან ძნელი, იქნებ შეუძლებელიც იქნება, რადგან ურთულეს პროცედურებთან და უამრავ სხვადასხვა ინტერესთან მოვა კონფლიქტში.
„განძი“, რომელიც უკვე გვაქვს, რომელიც ხელში გვიჭირავს, ისტორიის მოუსავლეთში უნდა მოვისროლოთ?
ახლა თუ კიდევ უფრო „ჩავშლით“ კვლევას, გამოკითხულთა მხოლოდ 13% აკისრებს პასუხისმგებლობას თვით ევროკავშირს და სულ რაღაც 5% - ოპოზიციას.
ხოლო ე.წ. „დიფ სტეიტსა“ და „არასამთავრობო ორგანიზაციებს“ – 0%.
აქ, ჯერ ერთი, მკაფიოდ სჩანს, რამდენად უშედეგოა მმართველი პარტიის ნარატივი რაღაც იდუმალ „დიფ სტეიტზე“, რომელიც თურმე მართავს ამერიკასაც, ევროპასაც და რატომღაც განსაკუთრებით მტრობს საქართველოს.
გარდა ამისა, სჩანს მიუღებლობა იმ ყალბი ნარატივისა, თითქოს ოპოზიცია ვნებს ევროკავშირთან დაახლოებას და ოპოზიციას სურს „უვიზო რეჟიმის“ შეწყვეტა.
პოლიტიკური ოპოზიცია იბრძვის ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებებისთვის, მაგრამ მას ნამდვილად არ გააჩნია ბერკეტები, თავს მოახვიოს ევროპის ლიდერებს საკუთარი განწყობა; მით უმეტეს საკუთარი ინტერესები.
სავიზო რეჟიმის გაუქმება და საქართველო-ევროპას შორის „რკინის ფარდის“ ჩამოშვება ნამდვილად არ შედის დემოკრატიული ოპოზიციის ინტერესებში.
ევროკავშირის ხელმძღვანელობა მოქმედებს ევროპული გაერთიანების ინტერესთა პრაგმატული გათვლით, ამ ინტერესთა პრიორიტეტულობით და ყველაზე უარესი რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, სწორედაც საქართველოს მმართველი პარტიისა და ევროპის ინტერესების სისტემური აცდენაა, რაც თანდათან გადაიზარდა საქართველოს სტრატეგიული, ისტორიული მისწრაფების დაზიანებაში: დღეს ბევრი ევროპელი ჟურნალისტი თუ ბლოგერი უკვე სვამს კითხვას: საერთოდ რამდენადაა საქართველო მართლაც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა? რამდენად თვისებრივია ქართველებისთვის, ქართული საზოგადოებისთვის ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ხელისუფლების არჩევითობა და მისი სოციალური პასუხისმგებლობა, უმცირესობების უფლებების დაცვა ანუ სუსტისა და მოწყვლადის არდაჩაგვრა?.......
და რამდენჯერაც არ უნდა ავუხსნათ, რომ ეს ხელისუფლების მიერ გამომჟღავნებული უკეთურობაა, ხოლო ქართული საზოგადოება „პროევროპულია“ თავისი არსით, იგივე კრიტიკოსები აუცილებლად გვკითხავენ: „მაშინ რატომ და როგორ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში უკვე თითქმის მეთოთხმეტე“ წელია?
ამ კითხვას პასუხი სჭირდება:
კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 78% ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას; მათ შორის ახალგაზრდობის 86%.
იგივე 78% დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოსთვის.
ეს ციფრები ზოგიერთისთვის შესაძლოა ოდენ „მშრალი სტატისტიკა“ იყოს, მაგრამ სინამდვილეში გამოხატავს ისტორიულ ტენდენციას, რომელიც დღევანდელობაში „გარდატეხისას“ ქმნის სახიფათო რეალობას, როდესაც მმართველი ელიტები აღარ გამოხატავენ ხალხის ინტერესებს და ორგზის უარესი - საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ.
წარმოუდგენელია ამგვარმა წინააღმდეგობამ, როდესაც მოსახლეობა პროევროპულადაა განწყობილი, ხოლო ხელისუფლება კრემლის მოსაწონია და მოსკოვის ქებას იმსახურებს, მძიმე შედეგი არ გამოიღოს.
არც ერთი ერი დედამიწაზე, მათ შორის არც ქართველი ერი (რომელიც სხვებზე უკეთესი შეიძლება არ იყოს, თუმცა ნამდვილად არც უარესია), არ შეურიგდება ისტორიული პერსპექტივის დაკარგვას
აქ „მშრალი ციფრები“ იმ ისტორიული სწრაფვის გამოხატულებაა, რომ პირველად რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ქართველ ხალხს გაუჩნდა შანსი დაბრუნდეს მისთვის საოცნებო სივრცეში „ლისაბონიდან - თბილისამდე“ და „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, როგორც დიდი ქართველი პოეტი ნატრობდა.
რუსეთი არის ქართველი ერის წარსული!
ტანჯული, სისხლიანი, ჩაგრული და უიმედო წ ა რ ს უ ლ ი!
ეს არა „ხელისუფლების რაობის“ თემა, არამედ ისტორიული არჩევანის ხელშეუხებლობაა.
წარმოუდგენელია ასეთი შანსი უჩნდებოდეს ქვეყანას, რომ ევროპის ლიდერები, მათი ელჩები პირდაპირ ამბობდნენ: „ჩვენ ვიწვევთ საქართველოს ევროკავშირშიო“ ხოლო პასუხად იღებდნენ როყიო ლანძღვას „კაცი კაცია და ქალი ქალია“ თუ რაღაც მსგავს ბოდვით ინვექტივებს.
ადამიანი, ისევე როგორც ერი ყველაფერს მოითმენს და აიტანს უიმედობის გარდა!
და რაც უფრო სწრაფად მიხვდებიან ამას „ოცნების“ ლიდერები თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მით უფრო მალე გამოვლენ შეურაცხადი სომნამბულობის მდგომარეობიდან.
არც ერთ ხელისუფლებას, საბოლოოდ, საკუთარ ერზე და მის საუკუნოვან მისწრაფებებზე არ გაუმარჯვია!
მიხეილ წულაძე
ნეიშენ ჯორჯია